თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში მარიხუანის კულტივაციის იდეა მიუღებელია, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე.
საქართველოს მთავრობამ სექტემბრის შუა რიცხვებში შსს-ს მიერ შემუშავებული კანონპროექტის ინიციირება მოახდინა, რომელიც ითვალისწინებს მარიხუანის მოყვანას ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებისთვის. ამ ინიციატივამ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის, ოპოზიციისა და საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მოგვიანებით პარლამენტმა პროექტის განხილვა ორი თვით გადადო.
„საზოგადოებამ იცის და მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ ლოიალური ვარ. არაერთი ნარკომომხმარებელი შემიწყალებია და არ მიმაჩნია, რომ ისინი უნდა ისხდნენ ციხეში, როგორც კრიმინალები. ამ ფონზე, ჩემთვის სრულიად მიუღებელია საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების წარმოების იდეა", - განაცხადა მარგველაშვილმა.
სახელმწიფოს მეთაურმა თავისი პოზიციის დასაცავად რამდენიმე არგუმენტი მოიყვანა.
„თუკი ჩვენ გავხდებით ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა, ჩვენ ნამდვილად ვერ გავაკონტროილებთ ეფექტურად ნარკოტიკების გავრცელებას და ბევრად მეტი ადამიანი გახდება ამ სენის მსხვერპლი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, ის მიიჩნევს, რომ მარიხუანის ლეგალური წარმოება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე ნეგატიურად აისახება.
„მეორე ფაქტორია საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისი. საქართველო, როგორც ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა - ეს არ არის ის იმიჯი, რისთვისაც ჩვენ ვუყვარვართ, გვაფასებენ, რის გამოც მხარს გვიჭერენ და გვიცავენ. ეს არის ძალიან რთული იმიჯი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს რთული შედეგები. საქართველო ვერ იქნება ვერც მარიხუანას და ვერც სხვა ნარკოტიკული საშუალების მწარმოებელი ქვეყანა. ეს იარლიყი არ შეიძლება ჩვენს სამშობლოს მიეწეროს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
131-გვერდიანი კანონპროექტი შეზღუდვებს ითვალისწინებს. დოკუმენტი, დამტკიცების შემდეგ, სულ მცირე, ათ კანონში გამოიწვევს ცვლილებას. საუბარია „ბალახის" მოწევის აკრძალვაზე საზოგადოებრივ ადგილებში, ტრანსპორტში, არასრულწლოვნების თანდასწრებით. გარდა ამისა, მარიხუანის მოხმარება ეკრძალებათ პედაგოგებს, ექიმებსა და ჩინოვნიკებს მუშაობის პერიოდში.
შსს-ს მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის მხოლოდ ექსპორტი იქნება დაშვებული, ხოლო იმპორტი აკრძალული. ასევე აიკრძალება არასამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციაც.
შსს ასევე გეგმავს მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღებას.