თბილისში „კანაფის ფესტივალი“ შეიძლება ჩატარდეს

© Photo: courtesy of Girchiახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი
ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე მომხრეებთან ერთად „კანონის დაუმორჩილებლობის აქტის“ ჩადენას აპირებს

თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ თბილისის ცენტრში „დედაენის ბაღში“ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის მოწყობას აპირებს, ნათქვამია პარტიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს მარიხუანის მოხმარებისთვის ერთადერთი დარჩენილი ადმინისტრაციული სასჯელი — 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა, რითაც კანაფის მოწევის სრული ლეგალიზება მოახდინა.

ილია მეორე: იმედია მარიხუანას კულტივაციის კანონი მომავალში არ იქნება მიღებული >>

ამის საპასუხოდ შსს-მ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის თანახმად მარიხუანის ლეგალური მოწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საკუთარ ბინაში, სადაც არასრულწლოვნები არ იქნებიან. კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკეს სამართალდამცველებმა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სათანადო ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.

პარალელურად მოქალაქეთა ჯგუფი აგროვებს ხელმოწერებს, რათა საქართველოს კონსტიტუციაში მიღებულ იქნეს ცვლილებები, რომლებიც თვითგამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს.

„გირჩის“ ლიდერისა და ამ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი“ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის წინააღმდეგ მიმართული აქცია იქნება.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
კანაფის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა ორი თვით გადაავადა

„რეალობა ძალიან მძიმეა. ხელისუფლებამ ფეხებზე დაიკიდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც გვითხრა, რომ მარიხუანის მოხმარება არის ადამიანის თავისუფალი განვითარების ნაწილი. ახალი კანონპროექტით, რომელიც უკვე მიღებულია პირველი მოსმენით, ეს საკითხი აპირებენ დაიყვანონ პრიმიტიულ თემამდე, თითქოს მარიხუანის მოხმარება შესაძლებელია მხოლოდ საკუთარ სახლში, სადღაც კუნჭულში, ისიც თუ სახლში ბავშვები და მოზარდები არ იქნებიან. სხვა შემთხვევაში ხელისუფლება არჩევნების შემდეგ აპირებს დაგვაჯარიმოს სხვადასხვა ტიპის ქმედებებზე 500-დან 1500 ლარამდე ჯარიმებით. პარალელურად, ადამიანთა დიდი ჯგუფი აგროვებს ხელმოწერებს, რათა კონსტიტუციაში შევიდეს ისეთი ცვლილება, რომლის მიხედვით ადამიანისთვის ნებისმიერი ფორმით თვითდაზიანება უნდა აიკრძალოს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ფესტივალზე ის კანონის დაუმორჩილებლობის მორიგი აქტის ჩადენას აპირებს.

„მე ვაპირებ ჩავიდინო მორიგი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, რომელიც ამ ქვეყანაში დე-ფაქტო მოახდენს მარიხუანის კულტივაციის და გაყიდვის ლეგალიზებას, რათა ადამიანებმა მარიხუანის შეძენა ლეგალურად შეძლონ. მგონია, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი წყალგამყოფი ჩვენსა, ანუ იმ ადამიანებს, რომლებსაც გვჯერა, რომ თავისუფლება არის მნიშვნელოვანი, და იმ მხარეს შორის, სადაც აღმოჩნდა ხელისუფლება, ოპოზიცია, საპატრიარქო, ვისაც უნდათ, რომ ჩვენ გავაგრძელოთ მალულად ცხოვრება, თავში გვირტყან და ფული გვახიონ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

თბილისი ამსტერდამი არ გახდება: მარიხუანას ყველა და ყველგან ვერ მოწევს >>

პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩი" 2015 წელს იმ პოლიტიკოსების ჯგუფმა ჩამოაყალიბა, რომლებმაც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. ორგანიზაცია ერთ-ერთ მიზნად მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციას ასახელებდა.

2018 წლის ივლისში „გირჩის" ლიდერებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე მოიგეს და მარიხუანის გამოყენების ლეგალიზაციას მიაღწიეს.

2018 წლის დასაწყისში „გირჩის“ ლიდერების მორიგი არაორდინარული ინიაციატივა საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას უკავშირდება.

ყველა ახალი ამბავი
0