ილია მეორე: იმედია მარიხუანას კულტივაციის კანონი მომავალში არ იქნება მიღებული

© photo: Sputnik / Stringerილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატრიარქის განცხადებით, მარიხუანასთან დაკავშირებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია

თბილისი,  23 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე იმედს გამოთქვამს, რომ კანაფის კულტივაცია–ექსპორტის  შესახებ კანონს მომავალში  არ მიიღებენ. 

საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საპატრიარქო საქართველოში კანაფის წარმოების კატეგორიული წინააღმდეგია

მისი სიტყვებით, ნარკოტიკები, მათ შორის, მარიხუანა,  დამღუპველია ახალგაზრდებისთვის,  მომავალი თაობისთვის.

 „ამ ბოლო დროს თქვენ იცით მღელვარება იყო ჩვენს ერში კანონის გამო, რომელიც ეხება მარიხუანას. უნდა ვიცოდეთ, რომ ნარკოტიკი და მათ შორის, მარიხუანა დამღუპველია ადამიანისა, უნდა ვიცოდეთ, რომ საშიშია ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს ხელისუფლებას, პარლამენტს, რომ გაწვეული იყოს ეს კანონი, მარიხუანას კულტივაციისა და არ იყოს ეს მიღებული. ჯერჯერობით შეჩერებულია ეს კანონი და იმედია, მომავალში არ იქნება ეს მიღებული. იმედია, მშვიდობა დაისადგურებს საქართველოში და ჩვენი ოჯახები დამშვიდდება“, – განაცხადა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, რომელიც კანაფის მოყვანის, მისგან კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების და ექსპორტზე მისი გატანის წესებს დაარეგულირებს. „ბალახის" მოწევის ლეგალიზაციის კვალდაკვალ აღნიშნულმა საკითხმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და, კერძოდ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უკმაყოფილება გამოიწვია. ყოველივე ამის ფონზე მმართველმა პარტიამ საკითხის პარლამენტში განხილვის დროებით შეჩერება გადაწყვიტა.

საქართველოში მარიხუანის მოყვანა-წარმოების შესაძლო ლეგალიზებასა და ექსპორტზე გატანის თაობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს პარლამენტის წინააღმდეგ პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის" ლიდერების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიძის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რითიც მარიხუანის მოხმარებისთვის ერთადერთი დარჩენილი ადმინისტრაციული სასჯელი — 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა. 

ასე რომ, ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა – მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს შსს-მ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც შეზღუდვებს ითვალისწინებს. საუბარია „ბალახის" მოწევის აკრძალვაზე საზოგადოებრივ ადგილებში, ტრანსპორტში, არასრულწლოვნების თანდასწრებით. გარდა ამისა, მარიხუანის მოხმარება ეკრძალებათ პედაგოგებს, ექიმებს და ჩინოვნიკებს მუშაობის პერიოდში.

შსს ასევე გეგმავს მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღებას.

 



ყველა ახალი ამბავი
0