თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. მარიხუანას ფესტივალის გამართვასთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება ,,გირჩის” განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ბორცვაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ 20 ოქტომბერს თბილისის ცენტრში „დედაენის ბაღში“ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის მოწყობას აპირებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ 11 ოქტომბერს განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის მომხრეებთან ერთად „კანონის დაუმორჩილებლობის აქტის“ ჩადენას აპირებს.
ბორცვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში.
ილია მეორე: იმედია მარიხუანას კულტივაციის კანონი მომავალში არ იქნება მიღებული >>
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას - ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია მკაცრი ზომების გატარებას აპირებს.