სკოლაში პირველად წასვლა ბავშვის ცხოვრებაში ახალი გამოწვევაა, ერთგვარი სტრესია. სკოლამდელი ასაკის ბავშვის ძირითადი საქმიანობა თამაშია. ის თამაშობს ყველგან და ყველაფრით და ეს ბუნებრივიცაა, ამით იგი ემზადება დიდობისთვის. საბავშვო ბაღი, სადაც მიყვანის ოპტიმალური ასაკი სამი წლის შემდეგ უნდა იყოს, ბავშვისგან უკვე მოითხოვს გარკვეულ წესებთან ადაპტაციას, გარკვეულ დროს კონკრეტული საქმიანობების შესრულებას, თუმცა არსებითად არ სცდება მის ძირითად საქმიანობას – თამაშს. იქ ფაქტიურად ყველა ქცევას - სწავლას, კომუნიკაციას, ცეკვა-სიმღერას, ხატვა-ძერწვას თამაშის ფორმა და ფუნქცია აქვს. ამიტომ ბაღი ბავშვისთვის, შესაძლოა, უფრო საინტერესო, სახალისო და ადვილად ადაპტირებადი იყოს. განსხვავებული ვითარება ხვდება ბავშვს სკოლაში.
სკოლა ცალსახად მეტი რეჟიმი და დისციპლინაა: დილით ადრე გაღვიძება, კონკრეტულ, დათქმულ დროს გამოცხადება, სკოლის მერხთან ჯდომა, წერა-კითხვის სწავლა, მეცადინეობა, კონკრეტული წესებითა და ფორმით დავალებების შესრულება, შემდგომ ისევ მეცადინეობა და ა.შ. აქ არავინ გვეკითხება დღეს გვინდა თუ არა ადრე გაღვიძება, წერა, ლექსის ზეპირად სწავლა, დღეს ვართ თუ არა მეცადინეობის გუნება-განწყობაზე, ეს ყველასთვის აუცილებელია და არა მხოლოდ იმ დღეებში, როცა ბავშვს უჩნდება ამის სურვილი. ამ ყველაფერს კი თამაშის ხანიდან ახლადგადმოსული, თამაშის მოყვარული ბავშვისთვის ადაპტაცია სჭირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, სკოლაში მისვლამდე სკოლამდელი ასაკის ბავშვს საბავშვო ბაღში სიარულის გამოცდილება ჰქონდეს, რადგან ბაღი მას დამოუკიდებლობასა და წესებს აჩვევს და ასეთი ბავშვები უკეთ ეგუებიან სკოლას. თუმცა სკოლის გართულებული რეჟიმისა და დისციპლინის მიმართ მაინც ჩნდება ხოლმე გარკვეული სირთულეები, რომ აღარაფერი ვთქვათ ბაღის გამოცდილების არმქონე ბავშვებზე.
ბავშვის მზადყოფნა სკოლისათვის
როცა სკოლაში შესვლაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის მზადყოფნა. აქ მოიაზრება როგორც ბავშვის კოგნიტური, ინტელექტუალური, კომუნიკაციური, ასევე ფსიქო-ემოციური მზადყოფნა. კოგნიტური და ინტელექტუალური ფაქტორები მოიაზრებს ბავშვის ასაკობრივ შესატყვისობას აზროვნების, მეხსიერების, ყურადღების, აღქმის სფეროში. ამ კომპონენტების შემოწმება და განვითარება შესაძლებელია ბავშვისათვის სახალისო და საინტერესო ტესტებითა და დავალებებით, რაც შესაძლოა ნებისმიერმა მშობელმა თავად გააკეთოს, ასევე ამ ფაქტორებს ამოწმებენ ხოლმე საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგები და აღმზრდელები. ვაფასებთ ასევე ბავშვის კომუნიკაციურ უნარებს თანატოლებთან და უფროსებთან. ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის ფსიქო-ემოციური მზადყოფნა სკოლისათვის, რომელსაც, სამწუხაროდ, როგორც წესი, ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა. აქ მოიაზრება ბავშვის განწყობები, დამოკიდებულებები, ფიქრები და ემოციები სკოლის მიმართ.
რა ჰგონია სკოლაში შემავალ ბავშვს და როგორი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ? შესაძლოა ბავშვი გარკვეულ შიშსა და შფოთვას ავლენდეს, რადგან სკოლა ახალი გარემოა მისთვის და მისი მოლოდინები შეიძლება ნეგატიური იყოს ამ სიახლის მიმართ. მას შესაძლოა აშინებდეს ის, რომ იქ უცხო ბავშვები იქნებიან, მათ რომ ვერ დაუმეგობრდეს? მას ძალიან უყვარს თავისი ბაღის მასწავლებელი და მისგანაც დიდ სითბოს გრძნობს, მაგრამ სკოლაში სხვა მასწავლებელი რომ ეყოლება, ის რომ არ იყოს ასეთი კარგი? სკოლაში როგორ უნდა მოიქცეს, რომ არ იცის? ამიტომ ბავშვს საშუალება უნდა მივცეთ მაქსიმალურად მოგვიყვეს და გადმოიტანოს თავისი ფიქრები და ემოციები, თუ რა როგორ წარმოუდგენია. შემდგომ მნიშვნელოვანია, ერთად წარმოვიდგინოთ და ვისაუბროთ კონკრეტულ დეტალებზე.
მაგალითად, როგორ შეიძლება, რომ გაიცნოს ახალი ბავშვები? როგორ შეიძლება ესაუბროს მასწავლებელს? რა წესები შეიძლება არსებობდეს სკოლაში და რა დროს როგორ ჯობს მოქცევა? ბავშვი როდესაც აქტიურად აცნობიერებს თავის ფიქრებს, გარეთ გამოაქვს შესაბამისი ემოციები და თავად აქტიურად წარმოიდგენს თავის საქმიანობასა და ნაბიჯებს სასკოლო ცხოვრებაში, ეს უნეიტრალებს შიშსა და შფოთვას და ეფექტურად ადაპირდება გარემოსთან. ოღონდ მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საქმიანობა არა ბოლო კვირასა თუ დღეებში დავიწყოთ, არამედ სკოლაში შესვლამდე წლის მანძილზე დროდადრო ვახორციელოთ სხვადასხვა კომბინაციები ფიქრებსა და ემოციებზე მუშაობით, წარმოსახვით, საუბრებით. შემდგომ, კარგი იქნება, ვთქვათ, საბუთების შეტანისას წავიყოლოთ სკოლაში, დავათვალიერებინოთ სკოლის შენობა, საკლასო ოთახი, გავაცნოთ მომავალი მასწავლებელი. ზოგ სკოლაში ბავშვის მიყვანა და წინასწარი გაცნობის პროცედურები ისედაც ხორციელდება, მაგრამ ყველგან ასე არ არის. ამიტომ ჩვენ გამოვიჩინოთ ამ კუთხით ინიციატივა, რათა ბავშვისთვის მაქსიმალურად თვალსაჩინო იყოს სასკოლო გარემო შემდგომი ეფექტური ადაპტაციისთვის.
კონკრეტული ბავშვი შესაძლოა პოზიტიურ დამოკიდებულებასა და მოლოდინებს ამჟღავნებდეს სკოლის მიმართ. ბავშვის ასეთი განწყობა, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, კარგია, თუმცა მნიშვნელოვანია, ეს პოზიტიური დამოკიდებულება განხილვის გარეშე არ დავტოვოთ. ამ სიხარულის მიღმა ჩვენ ხომ ჯერ ზუსტად არ ვიცით, რა იგულისხმება. ბავშვს შესაძლოა იმისგან მნიშვნელოვნად სხვა რამ ეგონოს სკოლა, ვიდრე ის სინამდვილეშია. ბევრს სკოლა კვლავ ბაღის ფუნქციების მქონე დაწესებულება ჰგონია, სადაც რაღაცებს კვლავ ისწავლის, მაგრამ მეტ დროს კვლავ თამაშში გაატარებს. სურვილისამებრ შეძლებს ადგომას, სათამაშოებთან მისვლას, სახლიდან სასურველი ნივთების წაღებას და მეტი თავისუფალი დრო ექნება.
მაქსიმალურად გამოვკითხოთ და მოვაყოლოთ ბავშვს, თუ როგორი წარმოუდგენია სკოლა და შემდგომ ეტაპობრივად, ჰამბურგერის მეთოდით ნაწილობრივ დავუდასტუროთ მისი მოლოდინები, რაც სინამდვილეს შეესაბამება, მაგალითად, ნამდვილად ბევრ საინტერესოს ისწავლის სკოლაში, იქ დროდადრო თამაშის შესაძლებლობაც ექნება, თუმცა სწავლისთვის, მეცადინეობისთვის და წესებისთვის უფრო მეტი დრო იქნება დათმობილი, ვიდრე თამაშისთვის. სახლიდან სასურველი ნივთების წაღების წესი არ არის სკოლაში, იქ სათამაშო მანქანებით კი ვერ ითამაშებს, არამედ მასწავლებელს შესაძლოა მოფიქრებული ჰქონდეს სახალისო, თან სასწავლო აქტივობები, მაგალითად, სიტყვების გამოცნობა, ლოგიკური თავსატეხები, ხატვა-გაფერადება, რაც ასევე საინტერესო იქნება. გაკვეთილებს შორის შესვენებისას კი მას შეუძლია თავისუფლად გაერთოს სხვა ბავშვებთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ მისი წარმოდგენა მაქსიმალურად ობიექტური იყოს, სინამდვილის შესაბამისი, რაც იქ დახვდება და არა იდილიური. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ერთი შეხედვით, მანამდე ასეთ მონდომებულ ბავშვს ორ კვირაში აღარც მოუნდეს სკოლაში წასვლა და გარშემო ყველას გაუკვირდეს, მაგრამ ბავშვის ეს ცვლილება ლოგიკური იქნება, რადგან სკოლამ არ გაამართლა მისი მოლოდინები. სწორედ ამიტომ პოზიტიურად მოტივირებულ ბავშვსაც სჭირდება ფსიქოლოგიური მომზადება სკოლისთვის.
სკოლა ახალი სტრესული გამოწვევაა ბავშვის ცხოვრებაში, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის ყურადღებიან, კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას ბავშვების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილები თავიდან იყოს მეტ-ნაკლებად ხანმოკლე, ბავშვთა ინტერესებზე მორგებული, ცვალებადი, გაჯერებული თამაშისა და ენერჯაიზერების ელემენტებით, რაც ნაკლებად ძაბავს ბავშვებს, ამაღლებს შინაგან მოტივაციას და იწვევს აქტიურ ჩართულობას გაკვეთილის პროცესში. მსგავსი ნიუანსები კარგად იციან მომზადებულმა პედაგოგებმა. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი იყოს სტაბილური, ბავშვის ფსიქოლოგიის მცოდნე, რათა მაქსიმალურად გაითვალისწინოს ყველა ნიუანსი, რაც მის მოსწავლეებს ეხება.
მშობლის, მოსწავლისა თუ მასწავლებლის თანამშრომლობა და ძალისხმევა უმნიშვნელოვანესია სასწავლო მიზნების მისაღწევად.