რატომ ეჭვიანობენ ბავშვები და როგორ დავეხმაროთ მათ

© photo: Pixabay / Pezibearნაწყენი ბავშვი
ნაწყენი ბავშვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა "ფასილიტატორის" სტუმარია ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიული ცენტრი "არსის" ფსიქოთერაპევტი, ტრენერი თამუნა მერაბიშვილი

ეჭვიანობა ფსიქიკური აშლილობის მუდმივი თანამგზავრია. ის სხვადასხვა ფორმით ვლინდება, ყველაზე მწვავედ კი დედ-მამასთან და და-ძმებთან ურთიერთობაში გვხვდება, რადგან სწორედ ჩვენს ბავშვობაში იღებს სათავეს მსგავსი ნეგატიური ემოციები. თავიდან მშობლებზე, და-ძმებზე ვეჭვიანობთ, შემდგომ კი ჩვენი ემოციები მთელ სამყაროს ედება. ეჭვიანობა აგრესიის კონკრეტული ფორმაა.

ბავშვი საშინლად ღიზიანდება, როცა დედა და მამა ერთმანეთს ეფერებიან და არა მას. ასეთივე განცდას იწვევს დედ-მამის მიერ მისი პატარა დის თუ მამის მიალერსება. რაც არ უნდა ტაქტიანად შევამზადოთ ბავშვი ოჯახის ახალი წევრის შემომატებასთან დაკავშირებით, პატარას გაჩენა მასში მაინც იწვევს ეჭვიანობას და ტანჯვას. ბავშვი მაქსიმალისტია და ვერ იტანს სიყვარულის და ყურადღების გაყოფას. მას ჰგონია, რომ ის აღარ უყვართ. თავის მხრივ, ეჭვი, შური, ჯიბრი საშინლად ტანჯავს ბავშვს. დაუშვებელია ამ განცდების ძალით აღკვეთა ან უგულვებელყოფა, რადგან ისინი ყველაფრის მიუხედავად მაინც ჩნდება.

სახუმარო ნახატი ორსულის მუცელზე - Sputnik საქართველო
ორსულობა და მშობიარობა: რას ნიშნავს სრულფასოვანი მშობლის სტატუსი

გაყოფა ნიშნავს ნაკლების მიღებას — ბავშვები ეჭვიანობენ

ბავშვი მუდმივად უნდა გრძნობდეს, რომ ის გვიყვარს უპირობოდ, ძალიან გვიხარია მისი არსებობა ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენი ორსულობის ამბავი ბავშვს აუცილებლად დროულად უნდა შევატყობინოთ და სათანადოდ მოვამზადოთ. მანაც ჩვენთან ერთად, მშობლებთან ერთად უნდა გაიაროს ის გზა, რასაც დედის ორსულობა, დედმამიშვილის მოლოდინი ჰქვია. როდესაც ბავშვს ამ ბედნიერ მოვლენაზე ვესაუბრებით, უმჯობესია ცრუ იმედები არ აღვუძრათ: „შენ ისეთი კარგი ბიჭი ხარ, რომ მე და მამიკომ გადავწყვიტეთ კიდევ ერთი შენნაირი შვილი მოვიყვანოთ“. ბავშვმა კი შეიძლება იფიქროს: „ამათ რომ მართლა ვყვარებოდი, მეორე ბავშვი აღარ დასჭირდებოდათ. ალბათ არ მოვწონვარ და უნდათ, ახალი ბავშვით შემცვალონ“. ძნელია დედის სიყვარულის გაყოფა, გაყოფა ხომ უფრო ნაკლების მიღებას ნიშნავს. ამიტომ პატარა და-ძმის დაბადება ბავშვს ზედმეტი საზეიმო განწყობის გარეშე უნდა ვაცნობოთ და მას მოვუსმინოთ, რას ფიქრობს თავად ამ მოვლენაზე? რა განცდები უჩნდება? შესაძლოა იოლად შევატყოთ შიში, ეჭვი, ამ დროს მნიშვნელოვანია, წავახალისოთ, დავანახოთ, რომ გვესმის მისი, რომ ის ძალიან გვიყვარს და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. თუ ბავშვს დავარწმუნებთ, რომ მისი განცდები ჩვენთვის კარგად გასაგებია, მასაც ეხსნება შიში, მეტი ნდობით ეპყრობა მშობლებს და აღარც მათთან საუბარი გაუჭირდება. მთავარია, შვილს ნება დავრთოთ, რომ ხმამაღლა გამოხატოს საკუთარი შიშები, ნეგატიური ემოციები, ვიდრე ჩუმად იტანჯებოდეს.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
ჰიპერმზრუნველობა ანუ „მახრჩობელა მშობელი" - შეცდომები ბავშვის აღზრდისას

უპირველეს ყოვლისა, მშობლებმა უნდა აღიარონ, რომ მათი შვილები ერთმანეთზე ეჭვიანობენ, ეს ემოციები შესაძლოა ნებისმიერ შემთხვევაში გაჩნდეს  და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ბავშვი ბოროტი, სადისტი და საშინელი ადამიანია. ამ შიშის გამო, თითქოს ჩვენ ნებისმიერ ფასად უნდა „გამოვასწოროთ“ ჩვენი შვილი, რომ შემდეგ უარესი შედეგი არ მივიღოთ. ასეთი შეშინებული, მოუმზადებელი მშობლები ყოველ დღე უკითხავენ ბავშვს ლექციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი კარგი მოვლენაა დედმამიშვილის ყოლა, რომ ძმა ძალიან უნდა უყვარდეს, მუდამ მასზე უნდა ზრუნავდეს, სულ ერთად უნდა იყვნენ, ის უფროსია და უნდა დაიცვას, ყოველთვის თან უნდა წაიყვანოს სასეირნოდ, სათამაშოდ, ყველაფერი უნდა ათხოვოს, აჩუქოს, ის ხომ პატარაა. მსგავსი დამოკიდებულება საზიანოა როგორც უფროსი ბავშვისთვის, ასევე უმცროსისთვის. უფროსი ბავშვი ამ სიტუაციაში ძალადობის მსხვერპლია, ის შესაძლოა ფიქრობდეს, რომ დედამ ეს ბავშვი მისთვის გააჩინა მოსავლელად და გასაზრდელად და იპყრობდეს უსამართლობის განცდა. ის შეიძლება გრძნობდეს აგრესიას ამ „ძალადობრივი ფაქტის“ გამო, თუმცა, ამასთანავე, უჩნდებოდეს დანაშაულის განცდა, რომ ასეთი ცუდი შვილი და დედმამიშვილია. მეორე მხრივ, კონფლიქტური სიტუაცია უმცროსმა შესაძლოა თავისთვის მომგებიანი გახადოს, გამოიყენოს ის მშობლებისა და დედმამიშვილის მანიპულაციისთვის: „მეც თუ არ წამიყვან სასეირნოდ, დედას ვეტყვი!“ „ფულს თუ არ მომცემ, დედას ვეტყვი ლარნაკი რომ დაამტვრიე ან რაიმე გააფუჭე!“ ამით უმცროსი ბავშვი თვითკმაყოფილია და სარგებელს ნახულობს. მსგავსი ქცევა მისი მხრიდან აგრესიის გამოხატულება, სამაგიეროს გადახდაა იმისათვის, რასაც თავისი დისგან (ძმისგან) იღებს: „შენ ხომ არ გიყვარვარ, შენთვის ხომ ზედმეტი ვარ, აი, მიიღე, ასეც მოგიხდება!“ როგორც ვხედავთ, მსგავსი დრამა მშობლების პროვოცირებულია, რადგან მათ არ მიიღეს, არ აღიარეს ის დიდი ალბათობა, რომ მათ უფროს შვილს შესაძლოა ნეგატიური ემოციები გასჩენოდა და-ძმის დაბადებასთან დაკავშირებით, შიში, შფოთვა, ეჭვიანობა, რაც ჩვენი მხრიდან გაგებას, საუბარს, ახსნას, ემოციების ვენტილაციას, უპირობო სიყვარულისა და მხარდაჭერის გამოვლენას საჭიროებს.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
ბავშვთა სქესობრივი აღზრდა და მასთან დაკავშირებული სირთულეები – საუბრობს ფსიქოლოგი

მშობლებმა უნდა აღიარონ და მიიღონ ეჭვიანობის არსებობა

ეჭვიანობა იბადება ბავშვის სურვილიდან, რომ ერთადერთი საყვარელი არსება იყოს დედისათვის. ბავშვს არ უნდა და არ შეუძლია, რომ დედის სივარულის მოცილე აიტანოს. თუ ოჯახში მეორე ბავშვი იბადება, მშობელთა „მეტი“ სიყვარულის დამსახურებისთვის ატეხილი ბრძოლა გარდაუვალია. ქიშპობა შეიძლება იყოს როგორც აშკარა, ისე ფარული. იმისდა მიხედვით, თუ როგორ უყურებენ ეჭვიანობის პრობლემას მშობლები. თუ უფროსებს ასეთი ქიშპობა ისე აღიზიანებთ, რომ ბავშვებს მკაცრად სჯიან, ბავშვები ფარულად ავლენენ ერთმანეთის მიმართ აგრესიას, „ჩუმად“ ჩხუბობენ, ერთმანეთს აბრალებენ „დანაშაულს“, ან შესაძლოა გამოხატული იყოს ფსიქოსომატური ჩივილები, ბავშვი სწორედ ამგვარად მიიღებს და დაიმსახურებს დედის მზრუნველობას და ყურადღებას. ბავშვების დასჯა და მათი ემოციების ნიველირება გამოწვევს ქცევის დროებით, სიტუაციურ აღკვეთას, ნეგატიური ემოციები კი გროვდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობლებმა აღიარონ და მიიღონ ეჭვიანობის არსებობა და ბავშვის მხრიდან ერთადერთობის სურვილი, დაეხმარონ ბავშვებს ემოციების ვერბალიზაციასა და ვენტილაციაში: „ძამიკო არ გიყვარს, ხომ?“ „ალბათ გაგაბრაზა“. „ალბათ გინდა ოჯახში ერთადერთ ბავშვი იყო“. „აბა, მაჩვენე, როგორ ხარ გაბრაზებული“. ასეთ დროს მიზანშეწონილია ბავშვს თოჯინა შევაჩეჩოთ ხელში, მასზე იყაროს ჯავრი — ურტყას, იატაკზე დაანარცხოს. მისი სისასტიკე ნუ გაგაოცებთ და შეგაშფოთებთ. სჯობს, ბავშვის რისხვა თოჯინას დაატყდეს თავს, ვიდრე უმცროს ძმას. ასევე ცუდი იქნება, თუკი იგი ამდენ ბრაზს გულში ჩაიკლავს.

ნათია ქოიავა - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგი: როგორ მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ ნდობა ურთიერთობებში

მნიშვნელოვანია ბავშვს მოვუსმინთ აქტიურად და ჩვენი კმენტარები ნათელი იყოს: „როგორც ვხედავ, ძალიან გაბრაზებულხარ“. „მესმის შენი, ახლა უკვე ყველაფერი ვიცი“. „როცა გაბრაზდები, მე მითხარი ხოლმე, კარგი?“

უფროს ბავშვს არ მოვთხოვოთ „მსხვერპლშეწირვა“

როცა ვხედავთ, რომ უფროსი ბავშვი პატარას აწვალებს, დაუშვებელია, გულმოსულმა ვუყვიროთ: „რას აკეთებ, უნდა მოკლა? საკუთარი ძმა უნდა მოკლა? რამდენჯერ უნდა გითხრა საწოლიდან ნუ ამოიყვან-მეთქი! აღარ გაეკარო ბავშვს! საზიზღარო!“ დედა კი აღშფოთებულია ამ დროს, მაგრამ მსგავსმა მითითებამ შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს უფროს ბავშვში, მას შესაძლოა მთელი ცხოვრება ჰქონდეს „არჩადენილი დანაშაულის“ მიმართ დანაშაულის განცდა, რომ ის საშიშია, ეს შეიძლება მრავალი სახის ნევროტულ სიმპტომატიკაში ვლინდებოდეს, მას შესაძლოა ზრდასრულობისას თავად აღარ სურდეს შვილის ყოლა, რადგან ეს საშიში, სახიფათო მოვლენაა და ამ საშიშროებაზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგი: მშობლის თითოეული ქმედება მომავალში ბავშვზე აისახება

ასევე მნიშვნელოვანია, უფროს ბავშვს არ მოვთხოვოთ „მსხვერპლშეწირვა“ თავისი პატარა დედმამიშვილის გამო: „პატარას შენი საწოლი სჭირდება. მიეცი მას შენი სათამაშოები, შენ ხომ დიდი ხარ, ის პატარაა“. ბავშვი თუ უარს ამბობს, მშობლებმა ისევ სავალალო შეცდომა შეიძლება დაუშვან: „რა ეგოისტი ხარ! ძუნწი!“ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა ბავშვს ვკითხოთ, მოსამზადებელ პერიოდში მასთან განვიხილოთ ეს საკითხები: „სად დავაწვინოთ პატარა? მასაც დასჭირდება სათამაშოები, რით შეიძლება რომ ითამაშოს?“ თუ ბავშვს ვრთავთ თანამშრომლობის პროცესში და მის მოსაზრებებს ვითვალისწინებთ, მან შესაძლოა თავად შემოგვთავაზოს თავისი საწოლი, რადგან უკვე დიდია და დიდ საწოლზეც დაიძინებს, ასევე სიამოვნებით გაუნაწილებს სათამაშოებს თავის პატარა ძმას.

როდესაც ბავშვი ხედავს, რომ გულწრფელად გვესმის მისი, უპირობოდ გვიყვარს და მხარს ვუჭერთ, ვთანამშრომლობთ მასთან, მისი მოსაზრებები, ფიქრები და ემოციები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ის თავს მსუბუქად გრძნობს და თავისუფლდება ამ მტანჯველი განცდებისაგან.         

 

ყველა ახალი ამბავი
0