ბავშვთა სქესობრივი აღზრდა და მასთან დაკავშირებული სირთულეები – საუბრობს ფსიქოლოგი

© Pixabay / edsavi30დედა და შვილი
დედა და შვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა "ფასილიტატორის" სტუმარია ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიული ცენტრი "არსის" ფსიქოთერაპევტი, ტრენერი თამუნა მერაბიშვილი.

თამუნა მერაბიშვილი – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიული ცენტრი "არსის" ფსიქოთერაპევტი, მუშაობს ანალიზურ ფსიქოლოგიაში. კითხულობს ლექციებს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. ატარებს ტრენინგებს და ლექციებს სხვადასხვა ორგანიზაციებში როგორც ფსიქოთერაპიული მიმართულებით, ასევე განათლებასა და ბავშვის ფსიქოლოგიაში. დღეს კი ფსიქოლოგი "Sputnik–საქართველოს" მკითხველისთვის ისაუბრებს ბავშვთა სქესობრივ აღზრდაზე.

© Photo: courtesy of Tamuna Merabishviliთამუნა მერაბიშვილი
თამუნა მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
თამუნა მერაბიშვილი

– ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვთა სქესობრივი აღზრდა იწყება გარდატეხის ასაკიდან, როცა ხდება მათი სქესობრივი მომწიფება და სწრაფვა სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ. ხშირად მშობლებს აზრადაც არ მოსდით, რომ 3-4 წლის ბავშვს (ბიჭს თუ გოგონას) შესაძლოა სექსუალური ინტერესი ან სექსუალური აღგზნება ჰქონდეს. 3-6 წლის ასაკში ბავშვები შესაძლოა აკვირდებოდნენ და იკვლევდნენ საკუთარ სასქესო ორგანოებს, გამოხატავდნენ ინტერესს კითხვებით, რაც დაკავშირებულია დაბადებასთან და სქესობრივ ურთიერთობებთან. უფრო მეტიც, ბავშვის სქესობრივი აღზრდა გაცილებით ადრე იწყება, როცა მან ჯერ ლაპარაკიც არ იცის. ფსიქოანალიზური გაგებით ჭამა, მოშარდვა, კუჭში გასვლა და სხვა ფუნქციურ ტენდენციასთან დაკავშირებული მოვლენები სექსუალურ აქტად განიხილება. საზოგადოდ, ცოცხალი არსების და, კერძოდ, ადამიანის არსებობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სიცოცხლის შენარჩუნება და მისი გაგრძელება. ამისთვის აუცილებელია აღნიშნული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. სიცოცხლის გაგრძელებისთვის საჭიროა სექსუალური აქტის განხორციელება. ეს რომ მოხდეს, იგი სასიამოვნო მოთხოვნილება უნდა იყოს. ამგვარად, ერთ მაგისტრალურ ხაზზეა სიცოცხლე, სექსი და სიამოვნება, რომელშიც ორგანულადაა ჩართული კვება, მონელება, სისუფთავე, უსაფრთხოება და სექსიც. როდესაც ხდება ამ მოთხოვნილებათა ბლოკირება, ბავშვი თავისდაუნებურად საშიშად მიიჩნევს მათ შემდგომ განხორციელებას. ეს არის სწორედ ფსიქიკური ტრავმა. ამ ტრავმის ინიციატივა უფრო ხშირად მშობლებისგან მოდის, როცა ბავშვს აძალებენ ჭამას, სჯიან მოშარდვის ან კუჭში გასვლისას, შემდგომ, როცა უშლიან სასქესო ორგანოებზე მანიპულაციას.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგი: მშობლის თითოეული ქმედება მომავალში ბავშვზე აისახება

მასტურბაცია

ყველა ბავშვი აკეთებს მასტურბაციას და ეს ბუნებრივიცაა. ამით ის ეცნობა საკუთარი სხეულის მგრძნობიარე ნაწილს, რომელსაც შემდგომ გამოიყენებს ყველაზე დიდი სიამოვნების მისაღებად. ეს ქმედება იმ მომენტშიც სასიამოვნოა. მცდარია ის აზრი, რომ ამას ბავშვის განვითარებისთვის ფიზიკური, ფსიქიკური ან მორალური ზიანი მოაქვს. მასტურბაცია ისეთივე თამაშია, როგორც თითის წოვა ან საჩხაკუნოთი გართობა. ბავშვი საკუთარ ინტერესს საგნების და საკუთარი სხეულის ნაწილების შეხებით იკმაყოფილებს. სამწუხაროდ, სასქესო ორგანოებისადმი საზოგადოების არაჯანსაღი დამოკიდებულების გამო უარყოფითად ითვლება მასზე მანიპულაცია, ლაპარაკი და ფიქრიც კი. შესაძლოა ბავშვს კასტრაციით დაემუქრონ. მსგავსი მუქარა ხშირად სერიოზულ ბარიერად იქცევა მომავალში სექსუალური აქტის ჩატარებისთვის. როდესაც ბავშვი სასქესო ორგანოებით მანიპულირებისას მიიღებს სიამოვნებას, ეს არ არის უარყოფითი მოვლენა და არც ამის გამო დასჯა შეიძლება. იმ მომენტში უმჯობესია ისეთი სახე მივიღოთ, თითქოს ვერ ვამჩნევთ. ზოგადად კი მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა ამ თემაზე თავისუფლად ესაუბროს მშობელს. მასტურბაცია საგანგაშო ხდება მაშინ, თუ ბავშვი უფროსებთან და თანატოლებთან კონტაქტის დაკარგვის გამო ვეღარ ახორციელებს სხვა სასიამოვნო მოქმედებებს და განდგომილი მხოლოდ სასქესო ორგანოებზე მანიპულაციითაა დაკავებული. ამ შემთხვევაში საგანგაშო ბავშვის გარიყულობაა და არა მასტურბაცია.

თამუნა მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
რატომ იტყუებიან ბავშვები – ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

სიშიშვლე

სხეულის სხვადასხვა ნაწილის გამოჩენა ხშირად საზოგადოებრივი ნორმითაა პირობადებული. ბევრგან სახესაც ჩადრით იფარავენ, ზოგ ტომში კი აბსოლუტურად შიშვლები დადიან. ერთია ნორმა, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია თავად ადამიანის პოზიცია სიშიშვლის მიმართ. ამ მხრივ ვხვდებით უკიდურესობათა გამოვლენას. ზოგი ცდილობს ნორმის დარღვევას და ავლენს სიშიშვლისადმი პათოლოგიურ მისწრაფებას, მეორენი კი ინტიმურ სიტუაციაშიც ძალიან უხერხულად გრძნობენ თავს, აშინებთ საკუთარი შიშველი სხეული, რცხვენიათ სარკეში ჩახედვა და საკუთარი შიშველი სხეულის წარმოდგენაც კი. ამ მიმართულებით სწორი პოზიციის შემუშავება ბავშვობის ასაკიდანვე იწყება. საკუთარი სხეულისადმი, სიშიშვლისადმი სწორია დამოკიდებულება, როცა სასქესო და ანალური ორგანოები არ ითვლება ბინძურად და სასირცხვილოდ, რამდენადაც მათი საშუალებით ხორციელდება ორი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია — სქესობრივი და გამწმენდი. ძნელია მიიღო სიამოვნება იმისგან, რისიც გრცხვენია. ამიტომ ბავშვი უნდა წავახალისოთ, მიიღოს სიამოვნება საკუთარი სხეულისგან ისევე, როგორც ჭამის, ვარჯიშისა თუ მუსიკისგან. ასაკის მატებასთან ერთად ბუნებრივად უნდა ვასწავლოთ სიშიშვლის დაფარვის აუცილებლობაც ნორმის ფარგლებში.

ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ მიღწეული იქნას სექსუალური გაწონასწორებულობა. ამის მიღწევა მხოლოდ იმით არ ხდება, რომ გვქონდეს ცოდნა ქალისა და კაცის ურთიერთობაზე. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ამ სექსუალური ურთიერთობისადმი დამოკიდებულება, განწყობა. სწორედ ეს განწყობაა განმსაზღვრელი – მიიღებს ადამიანი სიამოვნებას სექსისგან თუ ექნება შიში, ზიზღი, დანაშაულის და არასრულფასოვნების განცდები. რამდენადაც ფსიქიკურ სტაბილურობასა და სექსუალურ წონასწორობას ბავშვობიდანვე ეყრება საფუძველი, ამდენად სექსუალური აღზრდა პირველ რიგში მშობლებიდან მომდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ გავცეთ ცოდნა ბავშვების მიერ დასმულ შეკითხვებზე. არ შეიძლება მათი მოტყუება, კითხვების იგნორირება, მეორე მშობელთან გაგზავნა ან ბავშვის "დაიმედება", რომ გაიზრდება და მერე გაიგებს. პასუხები უნდა იყოს გულწრფელი, ზუსტი და მოკლე. რაც მთავარია, ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ჩვენ არ გვრცხვენია ამ საუბრის, აქ სულაც არაა მთავარი სექსუალური ურთიერთობის დეტალების ახსნა, გადამწყვეტია თვით ფსიქოლოგიური პოზიცია, რომ ამ თემაზე საუბრისას ან ფიქრისას არაფერია საშიში, სასირცხვილო ან მიუღებელი. მთავარია, რომ ბავშვმა დაინახოს ჩვენი სურვილი და კეთილგანწყობა. თუ მშობელს ფერი ეცვლება, ხმა უკანკალებს და იბნევა ამ თემაზე საუბრისას, ბავშვს ეჭვი შეეპარება ამ ინტერესების მართებულობასა და სექსისგან სიამოვნების მიღების ალბათობაშიც.

ანგელოზის კვალი თოვლში, ბაკურიანი - Sputnik საქართველო
რას ნიშნავს იცხოვრო ისე, რომ დატოვო კვალი...

სექსუალური თამაშები და საშიშროება

ხშირად ბავშვების სექსუალური ინტერესები და სურვილები სექსუალური თამაშების ფორმით ვლინდება. ამ კატეგორიის თამაშებს მიეკუთვნება "ექიმობანა", "ოჯახობანა", თვით "დაჭერობანა" და "დამალობანაც". ამ თამაშების დროს არის ფიზიკური კონტაქტის საშუალება, რომელიც ბავშვებს აღაგზნებს ხოლმე. "ექიმობანას" დროს ხდება "პაციენტის" გახდა, დათვალიერება, გასინჯვა, ნემსის გაკეთება, ხელოვნური სუნთქვის ჩატარება და ა.შ. ეს ვითარება ნორმალური მოვლენაა და თუ მშობელი ამის შემჩნევისას მიმართავს რეპრესიებს, ეს შემთხვევა ბავშვისთვის ხშირად გამოუსწორებლად საზიანოა. მსგავსი ქმედებები საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მასში მონაწილეები მომავალში გარყვნილების ჭაობში აღმოჩნდებიან. არადა ასეთი მრისხანე რეაქციების შემდეგ ზრდასრულ ასაკში სხვადასხვა ნევროტულ სიმპტომატიკასთან ერთად შესაძლოა მივიღოთ ისეთი სექსუალური დარღვევები, როგორიცაა ფრიგიდულობა, ვაგინიზმი, ერექციის თუ ორგაზმის მიღწევის სირთულეები, სხვადასხვა სექსუალური პერვერსია, "დონ ჟუანის ეფექტი", აღვირახსნილობა ან სრული თავშეკავება.

ხშირად, როდესაც პატარა ბიჭი (ან გოგონა) დედის (მამის) მიმართ სიყვარულს გამოხატავს და ეხუტება, შესაძლოა უთხრას მშობელს, რომ ის მისი შეყვარებულია ან უნდა, რომ ცოლად მოიყვანოს დედა. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ კი არ ვეჩხუბოთ ან დავცინოთ ბავშვს "სისულელის" გამო, არამედ გამოვხატოთ, რომ კარგად გვესმის მისი სურვილის და ემოციების, ჩვენც ძალიან გვიყვარს ის და როცა გაიზრდება და დაქორწინების დრო დადგება, შეხვდება ისეთ ადამიანს, რომელიც ასეთივე საყვარელი და სასურველი იქნება. აქ მთავარი ჩვენი კეთილგანწყობა და გაგებაა, მშობლის მხრიდან ამ მოვლენის ბუნებრიობის აღქმა და არა "ინცესტური საფრთხე", რასაც შეიძლება კონკრეტული მოუმზადებელი მშობელი ხედავდეს.

მაშასადამე, ბავშვის ეფექტური ფსიქოლოგიური განვითარებისთვის და სწორი სქესობრივი აღზრდისთვის აუცილებელია სტაბილური და მომზადებული მშობელი, აღმზრდელი თუ ძიძა.

ყველა ახალი ამბავი
0