თამუნა მერაბიშვილი – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიული ცენტრი „არსის" ფსიქოთერაპევტი, მუშაობს ანალიზურ ფსიქოლოგიაში (ფსიქოანალიზი, ტრანსაქციული ანალიზი, ანთროპოანალიზი). კითხულობს ლექციებს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. ატარებს ტრენინგებს და ლექციებს სხვადასხვა ორგანიზაციებში როგორც ფსიქოთერაპიული მიმართულებით, ასევე განათლებასა და ბავშვის ფსიქოლოგიაში.
ბავშვის ტყუილი, ძირითადად, მის შიშებთან, დასჯის საფრთხესთან და თვითშეფასების პრობლემატიკასთან არის დაკავშირებული
ბავშვი იტანჯება შიშისგან, როდესაც ეჩვენება, რომ მშობლებს არ უყვართ. დაუშვებელია ბავშვს მიტოვებით დავემუქროთ თუნდაც ხუმრობით. პატარისთვის მშობლების გარეშე დარჩენა მთელ დედამიწაზე მარტოდ ყოფნის ტოლფასია. ბავშვს იმისიც კი შეიძლება შეეშინდეს, როცა საწოლში გაეღვიძება და დედას ვერ დაინახავს. მან შეიძლება გაიფიქროს – „იქნებ მიმატოვეს?!" წარმოვიდგინოთ, რომ დედ-მამა დაკავებულია და არ აქვთ დრო, რომ საკმარისი ყურადღება მიაქციონ შვილს. ბავშვი აღმოაჩენს, რომ როცა ის ავადაა, დედა რჩება სახლში და უვლის მას, მამა კი უკითხავს ზღაპრებს, რასაც საერთოდ იშვიათად აკეთებს ხოლმე. ბავშვს გამოაქვს დასკვნა: „იმისთვის, რომ მივიღო ყურადღება, უნდა გავხდე ავად". ამიტომ მან შეიძლება გამოიგონოს ხოლმე, რომ სტკივა თავი, მუცელი, შესაძლოა რაიმე იტკინოს, მაგრამ ეს ტკივილი რეალობის შეუსაბამოდ გააბუქოს და გააძლიეროს, რათა განსაკუთრებული სითბო და ალერსი გამოიწვიოს მშობლებისგან. ასევე შესაძლოა ეს პრობლემატიკა გაუცნობიერებლად მართლაც აისახოს ფსიქოსომატურ ჩივილებზე და ის ხშირად გახდეს ხოლმე ავად. ყურადღებისა და სიყვარულის მისაღებად იწვევს სიმპტომატიკას, საკუთარ თავსაც და სხვებსაც აჯერებს, რომ სუსტია, რათა შეიცოდონ და მოესიყვარულონ. აქ პრობლემა ის კი არაა, რომ ბავშვი აფერისტი მატყუარაა, პრობლემა მის საფუძველში არსებული მოტივაციაა – მშობლიური სიყვარულის დაკარგვის საფრთხე.
ბავშვის ეჭვიანობა და აგრესია მშობლისგან არის პროვოცირებული
ხშირად ბავშვები ეჭვიანობენ და-ძმაზე ან სხვა ბავშვებზე. ეს პრობლემა მაშინ უფრო მწვავდება, თუ მის შედარებას ვახდენთ და-ძმებთან ან სხვა ბავშვებთან. „აი, გიორგი როგორი ყოჩაღია, შენ რა გჭირს, მიბაძე მას“. ამ დროს ბავშვი ასეთ დასკვნას აკეთებს: „სხვები კარგები არიან, მე ცუდი ვარ, დედას უყვარს გიორგი, მე — არა“. ამიტომ ბავშვმა შეიძლება იოლად გამოიგონოს სხვა ბავშვებზე ტყუილები, ისინი ნეგატიურად წარმოგვიდგინოს, ტყუილად გადააბრალოს „დანაშაული", ამის მიზეზი საკუთარი უპირატესობის დამტკიცება და სხვა ბავშვების მიმართ აგრესიაა. ეს ეჭვიანობა და აგრესია კი ხშირად ჩვენი პროვოცირებულია და მის საფუძველშიც ასევე მშობლიური სიყვარულის დაკარგვის საფრთხეა. ბავშვის მოთხოვნილებაა – სწორედ ის გამოჩნდეს „საუკეთესო" მშობლის თვალში. სამართლიანობის მოყვარული მშობლები კი ჭეშმარიტების დადგენის შემდეგ თუ დასჯიან ასეთ ბავშვს, დიდ შეცდომას დაუშვებენ, რადგან პრობლემას ზედაპირულად შეხედეს და მის მოტივაციურ მხარეზე, რეალურ მიზეზზე არც კი უფიქრიათ.
შესაძლოა, ბავშვმა, თუნდაც შემთხვევით, ჭიქა გატეხა და კვლავ დასჯას გაურბის. მით უმეტეს, თუ დედა დაადგება და დაჟინებით, მრისხანედ ეკითხება: „ეს შენ გააკეთე?!" ბავშვმა შეიძლება იოლად უარყოს ან სხვას გადააბრალოს ნამოქმედარი. ეს არის ტყუილი თავდაცვის მიზნით. დასჯა არ ასწორებს პრობლემებს, იწვევს მხოლოდ მოქმედების დროებით შეწყვეტას, მაგრამ პერსპექტივაში აძლიერებს შიშს, ტყუილსა და აგრესიას. დასჯით ვერ ვუშველით ამ ქცევების გამომწვევ მოტივაციურ ფაქტორებს.
ტყუილი ფანტაზია, პოზიტიური ფანტაზია — გამოგონილი შიოლა
ბავშვი, მოზარდი ან ზოგჯერ ზრდასრულიც შეიძლება აგებდეს „პოზიტიურ" ფანტაზიას და იგონებდეს ტყუილ ისტორიებს იმაზე, თუ, მაგალითად, როგორი მეგობრული ურთიერთობა აქვს მშობლებთან, როგორ მოსწონთ ბიჭებს, როგორ ჰყავს შეყვარებული და როგორი ბედნიერია. მოზარდი გოგონა ან ბიჭი საწინააღმდეგო სქესის ადამიანის უბრალო გამოხედვაზეც კი შეიძლება ფიქრობდეს, რომ „ის მასზე გიჟდება". არადა ამას შესაძლოა არავითარი კავშირი არ ჰქონდეს რეალობასთან. ამ ისტორიებს ის ჯერ საკუთარ თავს აჯერებს და შემდეგ სხვა ადამიანებსაც; უყვება მეგობრებს, ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებს. ამის მოტივაცია კი მისი დაბალი თვითშეფასება, მარტოობის შიშია. მაგალითად, პატარა ბიჭი, რომელსაც უჭირს ურთიერთობები, აშინებს სხვა ბავშვებთან კომუნიკაციის მარცხი, კომპენსაციის მიზნით შესაძლოა აგებდეს ტყუილ ფანტაზიას, რომ ჰყავს ბევრი მეგობარი, ან როგორ იჩხუბა და ყველას მოერია სკოლაში. თან ამას დიდი ენთუზიაზმით შეიძლება აკეთებდეს. მას ეს ფანტაზია თავდაცვისთვის, საკუთარი შიშის კომპენსაციისთვის ესაჭიროება. ალბათ გვახსოვს „ნატვრის ხიდან" ფუფალა, მას ხომ საკუთარი მარტოობის განცდის გადასაფარად სჭირდებოდა „შიოლას" გამოგონება. თერაპიაზე კარგად ჩანს, რომ მსგავსი გამოვლინებები უფრო ხშირად ისტერიული სიმპტომატიკის ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი, რომელთაც თვითშეფასების პრობლემატიკიდან გამომდინარე თვითშელამაზების ტენდენცია აქვთ გამოხატული.
თუ მშობლებისთვის არსებობის მთავარი ფორმა შრომაა, ბავშვისთვის ეს არის თამაში
რეალიზმზე ორიენტირებული მშობლები ხშირად შიშით უყურებენ შვილის ფანტაზიორობას და სვამენ კითხვას: რამდენად საშიში მოვლენაა ეს? წარმოსახვა, ფანტაზია არაა უარყოფითი მოვლენა. მას არ მოაქვს ზიანი. პირიქით, ის სასიამოვნო განცდების მომტანია. თუ დიდებისთვის არსებობის მთავარი ფორმა შრომაა, ბავშვისთვის ეს არის თამაში. იგი ამით ემზადება მომავალი ცხოვრებისთვის. თამაშის დროს განსაკუთრებით კარგად ჩანს ბავშვის ფანტაზიორობა. ჩვეულებრივ, ადამიანი რაიმე საქმის გაკეთებამდე ჯერ წარმოსახვაში წყვეტს პრობლემას. ბავშვიც თამაშისას სწორედ ამისთვის ემზადება. ფანტაზია, წარმოსახვა არის ზოგადად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექნიკური ინსტრუმენტი ადამიანისთვის როგორც თერაპიაზე, ისე საერთოდ ცხოვრებაში. სხვა საქმეა, როცა ბავშვი სრულიად წყდება რეალურ სამყაროს, წყვეტს ურთიერთობას უფროსებთან და თანატოლებთან და მხოლოდ შექმნილ ფანტასტიკურ სამყაროში იმყოფება. ადამიანები, საგნები და მოვლენები მისთვის არასანდო, საშიში ხდება. ამ შემთხვევაში თავად ფანტაზია კი არ არის უარყოფითი მოვლენა, არამედ ის ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლის გამოც გაურბის რეალურ ცხოვრებას.
ზედაპირულად იმის სწავლება, რომ ტყუილი არ შეიძლება, არ მუშაობს. ამ ტყუილებს ძირითადად ჩვენი მიზეზი აქვს და ჩვენივე დაშავებულზე ისევ ბავშვებს ვსჯით და ხანგრძლივი პერსპექტივით ვერც ვერაფერს ვცვლით. მნიშვნელოვანია, რომ ნება დავრთოთ ბავშვებს ხმამაღლა, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი შიშები, ეჭვები, ემოციები და ფიქრები. თუ ბავშვს დავარწმუნებთ, რომ კარგად გვესმის მისი, მასაც ეხსნება შიში, მეტი ნდობით ეპყრობა მშობლებს, არ სჭირდება ტყუილი და აღარც მათთან თავისუფლად საუბარი გაუჭირდება.