ამ კვირის სპორტულ მიმოხილვას ბაქოში დასრულებულ ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატით დავიწყებ.
ქართულმა ბეჭდურმა მედიამ ქება-დიდება არ დაიშურა და ლამის მერვე საოცრებად მონათლა იქ მოპოვებული თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო, რასაც ნამდვილად ვერ დავეთანხმები. დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, შედეგი მართლაც საუკეთესოა (მსგავსი მხოლოდ ერთხელ 2007 წელს მოვახერხეთ), მაგრამ არ მგონია სწორი, ერთბაშად ოთხ წონით კატეგორიაში აშკარა ჩავარდნაზე თვალის დახუჭვა. ტოკიოს ოლიმპიადა კარს მოგვადგა და ამ გადასახედიდან, ბაქოში მიღწეული, სულაც არ მგონია საზეიმო. 66 კგ.-ში ვაჟა მარგველაშვილის იქით არავინ ჩანს საიმედო, ამასაც აქა-იქ თუ აქვს გამონათებები. 73 კგ.-ში ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი თავის თავს არ გავდა. თავიდან, სრულიად უსახელო მეტოქეებთანაც რის ვაი-ვაგლახით მოიგო, მერე კი თვითონ დაჩაგრეს იოლად. ცოტა ხნის წინ 81კგ.-ში ასარჩევად გვქონდა საქმე. ახლა ერთი ზებედა რეხვიაშვილის იმედად ვართ, რომლის მონაცემებიც საჩემპიონო დონისგან საკმაოდ დაშორებულია...
კატასტროფა - ეს სიტყვა მიესადაგება იმას, რაც 90 კგ.-ში დაგვემართა. ახალგაზრდებში ყველას და ყველაფრის მომგები ბექა ღვინიაშვილი, დიდებში ჯერაც უტიტულოდაა, ბაქოში იმ გერმანელთან წააგო (პირველივე ბრძოლა), რომელიც ადრე, ბექას რომ დაინახავდა ტატამზე შესვლა აღარ უნდოდა. რაღაც დაემართა ამ უნიჭიერეს ბიჭს, ამას სასწრაფოდ უნდა მიხედვა. დღეს, ამ წონაში პირველ ნომრებად სწორედ ის თაობაა, რომელიც ახალგაზრდულ ასაკში ბექას ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევდა. მეორე დასაფიქრებელი საკითხი ე. წ. „მამლუქთა“ თემაა. საქართველოში ნიჭიერ მოჭიდავეებს რა გამოლევს, მაგრამ ნაკრები და ადგილი კი ერთია. ამიტომაც ეხიზნებიან სხვა ქვეყნებს ჩვენი მწვრთნელების ვერ გამოცნობილი ბიჭები და სხვათა სახელით აღწევენ წარმატებებს. აგერ მაგალითიც:-ბაქოში საქართველომ თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო მოიგო, სხვაგან გახიზნულებმა ერთი ოქრო და წყვილი ვერცხლი და ბრინჯაო-სულ ხუთი მედალი სამის საპირწონედ. აუცილებლად უნდა შევაქო 90კგ. წონაში მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილი, 8 წლის წინ ესპანეთში გადაბარგებულმა ამ ქვეყნისთვის ისტორიულ წარმატებას მიაღწია, ის გახდა პირველი ესპანელი (!) ძიუდოისტი ვინც ვაჟებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ახლა, სასიამოვნოზეც ვიტყვი. ჩვენი ნაკრების კაპიტანი და ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანი, დღეს მოქმედთაგან ყველაზე სტაბილური და ყველაზე ტიტულოვანია. თვლა არ აქვს მის ჯილდოებს, რომელთაც ბაქოში ვერცხლის მედალი მიამატა. ოქროც შეეძლო, მოიგებდა კიდეც, მაგრამ ფინალში ლამის 12 წუთი მოუწია ჭიდაობა, სულ ერთი წამით დაკარგა კონცენტრაცია და... შეიძლება მითხრათ, მისი მოწინააღმდეგეც ზუსტად მაგდენი ხანი იყო ტატამზეო და დაგეთანხმებით, მაგრამ ძიუდოში ცოტა მაინც ჩახედულმა, ყველამ იცის, რომ მონღოლი და კორეელი სპორტსმენები არ იღლებიან. არ ვიცი რა მანქანებით ახერხებენ ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა. ვარლამთან გამარჯვებით გახარებულმა კორეელმა იმდენი ირბინა და იხტუნა, ერთ იმდენს კიდევ გაძლებდა ტატამზე.
მძიმე წონა მუდამ გამორჩეული იყო, ახლაც მოუთმენლად ელოდა ყველა მსოფლიოს ჩემპიონის ტახტის ახალ მფლობელს. ახალს, რადგან ჯერ-ჯერობით უძლეველი ფრანგი- ტედი რინერი ბაქოში არ გამოდიოდა. კანდიდატი ბევრი იყო, მათ შორის ტიტულიანებიც და რა სასიხარულოა, რომ ფინალში ერთმანეთის პირისპირ ორი ქართველი იდგა „ჩვენი“ გურამ თუშიშვილი და „აზერბაიჯანელი“ უშანგი კოკაური. სხვა წონებში, აქამდე ორ დაპირისპირებაში „მამლუქებმა“ იმარჯვეს - „რუსმა“ რობერტ მშვიდობაძემ ფინალში არ შეუშვა პაპინაშვილი, ხოლო „პორტუგალიელმა“ ანრი ეგუტიძემ პირველივე შეხვედრაში მოუგო რეხვიაშვილს. მესამე კი ისე დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო. რინერის არყოფნაში ტახტს გურამ თუშიშვილი დაეუფლა; სრულიად დამსახურებულად, ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე, ყველა მეტოქის სუფთად დამმარცხებელმა გურამმა ინდივიდუალური ჩემპიონატის დასკვნითი დღე საქართველოს ჰიმნით დაამთავრა.
საპრიზოებზეც გეტყვით. მედლების გარდა გამარჯვებულებმა საკმაოდ უხვი ფულადი ჯილდოებიც ირგუნეს.
ოქრო - 20 800 ევრო სპორტსმენს და 5 200 ევრო მწვრთნელს
ვერცხლი - 12 000 ევრო სპორტსმენს და 3 000 ევრო მწვრთნელს
ბრინჯაო - 6 400 ევრო სპორტსმენს და 1 600 ევრო მწვრთნელს
ბათუმში გრძელდება საჭადრაკო ოლიმპიადა, სადაც საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა სამ-სამი ნაკრებითაა წარმოდგენილი. ვაჟებში, ხუთი ტურის შემდეგ აბსოლუტური შედეგი - 5-5 მოგება ოთხ გუნდს აქვს - აზერბაიჯანის ჩეხეთის, პოლონეთისა და უკრაინის ნაკრებებს. 4-4 გამარჯვება და თითო ფრე გააჩნიათ აშშ-ს, ისრაელსა და გერმანიას. საქართველოს მესამე ნაკრების აქტივში 4 გამარჯვება და ერთი მარცხია და ამ შედეგით (თუ კოეფიციენტსაც გავითვალისწინებთ) 22-ე ადგილზეა. 3-3 მატჩი მოიგეს, თითო ფრედ დაასრულეს და თითოც წააგეს ჩვენმა პირველმა და მეორე გუნდებმა და 25-ე-41-ე ადგილებს იყოფენ. ქალთა ოლიმპიადის მეხუთე ტურში, ჩვენს პირველ ნაკრებს დაძაბული ბრძოლა ჰქონდა უკრაინის გუნდთან.
ნანა ძაგნიძე (2509) და ანა მუზიჩუკი (2555) ყაიმზე შეთანხმდნენ, ისევე, როგორც ლელა ჯავახიშვილი (2475) და მარია მუზიჩუკი (2533). ნინო ბაციაშვილი (2482) დამარცხდა ანა უშენინასთან (2451). ყველაფერი დამოკიდებული იყო მეოთხე დაფაზე მოასპარეზეებზე.
ბელა ხოტენაშვილმა (2469) ნატალია ჟუკოვას (2403) მოუგო და საქართველოს ნაკრები დამარცხებას გადაარჩინა. საბოლოო ანგარიშია 2:2.
მოჭადრაკე ქალთა მეორე ნაკრები თურქეთის გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე 3,5:1,5 დაამარცხა. რაც შეეხება მესამე ნაკრებს, ჩვენმა გოგონებმა ფინეთის გუნდს აჯობეს - 3:1.
ხუთი ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერია - აშშ-ს ნაკრები, რომელმაც ყველა (5) შეხვედრა მოიგო. 4-4 მოგებითა და თითო ფრედ დასრულებული მატჩით მეორე-მეშვიდე ადგილებს იყოფენ ჩინეთის, უკრაინის, საქართველოს მეორე, სომხეთის, საქართველოს პირველი და ინდოეთის ნაკრებები. საქართველოს მესამე ნაკრების აქტივში 3 გამარჯვება, 1 ფრე, 1 მარცხია და 23-ე - 32-ე ადგილებს იყოფს.
როგორც მონაწილეები, ასევე სტუმრები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მსგავსი გახსნის ცერემონია არასდროს ყოფილა. მართლაც ულამაზესი სანახაობა გახლდათ და ნამდვილად ღირს მისი კიდევ ერთხელ ყურება.
ბოლოსკენ, ჩაროზად დავიტოვე ფეხბურთის თემა. ევროპაში ეროვნულ ჩემპიონატებში უკვე გამოიკვეთა იმ გუნდების ჩამონათვალი, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. გერმანიაში პირველი მარცხი იწვნია ბოლო წლების უცვლელმა ჩემპიონმა „ბავარიამ“, ამით უმალ ისარგებლა მისმა ასევე უცვლელმა მდევარმა დორტმუნდის „ბორუსიამ“ და ქულით გადაასწრო. ესპანეთში დიდი რიხით დაწყებული მოგებების შემდეგ ზედიზედ დაკარგეს ქულები „ბარსელონამ“ და „რეალმა“, თუმცა ვერც მდევრებმა ივარგეს და სატურნირო ცხრილს ისევ ეს ორი ლიდერობს. საფრანგეთში, „პსჟ“-ს, სავარაუდოდ, არც წელს ეყოლება ღირსეული მოწინააღმდეგე. დედაქალაქელები 8 ტურის მერე 9 ქულით უსწრებენ მეორეადგილოსანს. იტალიაში მთელი ყურადღება კრიშტიანო რონალდოსა და მისი ახალი კლუბისკენ არის მიპყრობილი. „იუვენტუსი“ წელსაც კარგად გამოიყურება და გუშინ უპრობლემოდ დაამარცხა უშუალო მდევარი „ნაპოლი“ 3:1.
ფეხბურთის სამშობლოში ორხელისუფლებიანობაა. 7 ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპულია“, თუმცა კიდევ სამი გუნდი ტრიალებს შორიახლოს და ძნელი სათქმელია ვინმეს უპირობო გამარჯვება უწინასწარმეტყველო. გუშინ საინტერესო შეხვედრა შედგა. ლონდონის „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსიმ“ „ლივერპულს“ უმასპინძლა. ბოლო წუთამდე დედაქალაქელები ედენ აზარის ულამაზესი გოლით იგებდნენ, თუმცა შეცვლაზე შესულმა დანიელ სტარიჯმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.