თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ვეტერანებს სამედიცინო მომსახურებას მალე გარემონტებულ შენობაში გაუწევენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ახალი შენობის სარემონტო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
ახალ შენობაში გადასვლა ეტაპობრივად იგეგმება. პირველ პაციენტებს კი ჰოსპიტალი წლის ბოლომდე მიიღებს.
ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ახალ შენობაში დღეს მოქმედი ჰოსპიტლის მედპერსონალი გადავა.
ამჟამად ჰოსპიტალი თბილისში, იამანიძის ქუჩაზე მდებარეობს და ის, როგორც უწყებაში განმარტავენ, ინფრასტრუქტურულად მოძველებული და ამორტიზებულია.
დღეს საქართველოში ვეტერანის სტატუსი 70 ათასამდე პირს აქვს, მათ შორის 31 814 ათასია აფხაზეთის ომის ვეტერანია.
საქართველოში ომის ვეტერანები სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის სპეციალური პროგრამით – ვეტერანის პაკეტით, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხარჯების 100%-იან ანაზღაურებას ითვალისწინებს.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას იღებს ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. პროგრამით მოსარგებლეს უფლება აქვს თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება.
ამასთან, სახელმწიფო ომის ვეტერანებს სთავაზობს ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციას, ფიზიოთერაპიული, ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევების ჩატარებას, ბალნეოლოგიური პროცედურების ჩატარებას, სამკურნალო ფიზკულტურისა და მანუალური თერაპიის პროცედურების ჩატარებას გულისხმობს.
ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ახალი ჰოსპიტლის ამოქმედების შემდეგ ვეტერანები კვლავ შეძლებენ არჩევნის გაკეთებას, თუ რომელ კლინიკაში სურთ მომსახურების მიღება.