თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია" საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, შეიწყალოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ქვეყნის ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი, რომელიც სასჯელს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე იხდის.
მერაბიშვილს, ოფიციალური მონაცემებით, ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი, ბლეფარო-კონიუნქტივიტი აქვს. ასეთი დიაგნოზი ექს-პრემიერს საავადმყოფოში დაუსვეს, სადაც ის რამდენჯერმე გადაიყვანეს. მას მკურნალობის კურსი დაუნიშნეს.
„იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ივანე მერაბიშვილის ვადამდელი პირობითი გათავისუფლების საკითხის განხილვა. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ბოლო კეთილ საქმედ შეიწყალოს ივანე მერაბიშვილი", – მოითხოვა გაერთიანების წევრმა მამუკა გამყრელიძემ ბრიფინგზე.
მერაბიშვილის ჯანმრთელობაზე განცხადება მისმა ადვოკატებმაც გაავრცელეს. ისინი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ყოფილ მინისტრს არანაირი მკურნალობა არ უტარდება, ასევე, მისი დიაგნოზი ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ის, რომელიც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.
„პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ვიზუალურად მოხდა სახის დეფორმირება, ასევე ამას დაერთო სუნთქვის პრობლემები – პაციენტი პრაქტიკულად ვერ სუნთქავს ცხვირით... გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პაციენტის მდგომარეობა არის უფრო მძიმე, ვიდრე ეს ასახულია სასჯელაღსრულების დოკუმენტში და ვანო მერაბიშვილს აქვს გარე ინტოქსიკაციის ნიშნები", – ნათქვამია განცხადებაში.
ადვოკატები ხელისუფლებას ადანაშაულებენ იმაში, რომ ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა მერაბიშვილს არასწორად უმკურნალონ.
„მოვითხოვთ, რომ ვანო მერაბიშვილი სასწრაფო წესით იქნას გადაყვანილი სამოქალაქო მრავალპროფილურ სტაციონარულ დაწესებულებაში და მოგვეცეს სწორი დიაგნოზისა და მკურნალობის დანიშვნის საშუალება", – ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.
მერაბიშვილის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ აგვისტოს შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებამ ის გამოკვლევაზე კლინიკაში გადაიყვანა. ყოფილ მინისტრს სუნთქვის პრობლემები ჰქონდა. მერაბიშვილს იმავე დღეს დაუნიშნეს მკურნალობის კურსი და გამოწერეს.
მერაბიშვილი და მისი ადვოკატი ვარაუდობენ, რომ ჩატარებული კვლევები არასაკმარისი იყო, ამიტომ ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დასვეს. ბოლოს მერაბიშვილი საავადმყოფოში სექტემბრის შუა რიცხვებში მოხვდა.
„შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილს">>
მერაბიშვილი 2013 წლის მაისში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დააკავეს.
მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის ოთხ საქმესთან დაკავშირებით იხდის. საქმეები ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვას, "საქართველოს გაერთიანებული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების გაყალბებას და ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს.
გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული. ამჟამად სასამართლოში განიხილება საქმე მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევას ეხება.