თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე სოფიაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ნათქვამია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ძიუდოზე შეყვარებული გოგონას ოცნება >>
ფინალში 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მაისურაძემ თავის ქართველ გუნდელს ტატო გრიგალაშვილს მოუგო.
კონტინენტური პირველობის მეორე დღეს კიდევ ორი მედალი საქართველოს გოგონებმა მოუტანეს.
ფინალში 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ეთერი ლიპარტელიანმა ფრანგ სარა ლეონის დაუთმო. მარიამ ჭანტურია 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა ჰოლანდიელ ჯესიკა გორისენს აჯობა.
ამგვარად, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ორი დღის შემდეგ ქართველი ძიუდოისტების აქტივშია ექვსი მედალი — 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი. ხუთშაბათს ბრინჯაოს მედლები ჯაბა პაპინაშვილმა (-60 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილმა (-66) მოიპოვეს.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელშიც 43 ქვეყნის 415 სპორტსმენი მონაწილეობს, 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.