თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ბალეტის ვარსკვლავი მიხაილ ბარიშნიკოვი თბილისში ჩამოვიდა. ის, პირველ რიგში, ლეგენდარული ეროვნული ბალეტის „სუხიშვილები“ მოცეკვავეებს შეხვდა.
„წარმატება ჩაის ჭიქაში ჩაგდებული შაქრის ნატეხია — მიხეილ ბარიშნიკოვი"
„სუხიშვილების“ წამყვანმა სოლისტებმა ბაჩანა ჭანტურიამ და დავით ჭანიშვილმა სოციალურ ქსელში ბარიშნიკოვთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს. მოცეკვავეები მას „ლეგენდასა“ და „საუკეთესოთა შორის საუკეთესოს“ უწოდებენ.
ბარიშნიკოვი დედაქალაქში თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას სპექტაკლით „ბროდსკი/ბარიშნიკოვი“. ესაა საათნახევრიანი მონოსპექტაკლი, რომელიც ლატვიელმა თეატრალურმა რეჟისორმა ალვის ჰერმანისმა დადგა და ორი საკულტო ფიგურა ერთ სცენაზე გააერთიანა.
პლასტიკის ელემენტების მქონე სპექტაკლში ბარიშნიკოვი ბროდსკის ლექსებს რუსულ ენაზე კითხულობს. ზოგჯერ მას ბროდსკის ხმის ჩანაწერი ცვლის. ერთ-ერთი ლექსის წაკითხვისას ბარიშნიკოვი ავტორის ინტონაციის იმიტაციას ძალიან ზუსტად ახდენს.
როგორც ცნობილია, ბარიშნიკოვი და ბროდსკი მეგობრები იყვნენ. მათ ერთმანეთი 1974 წელს ნიუ–იორკში გაიცნეს და ბროდსკის გარდაცვალებამდე (1996) მეგობრობდნენ.
სპექტაკლს უდიდესი წარმატება ხვდა წილად ლატვიაში, ისრაელში, იტალიაში, აშშ–ში, ინგლისში, გერმანიაში. ახლა მას უკვე საქართველოშიც იხილავენ.
ფესტივალზე ბარიშნიკოვი 14, 15 და 16 სექტემბერს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე წარდგება.
მიხაილ ბარიშნიკოვი ცნობილი საბჭოთა და ამერიკელი ბალერონია, კოლექციონერი და ფოტოგრაფი, რომელიც საბჭოთა კავშირში არ დაბრუნდა – 1974 წლის გასტროლების დროს კანადაში დარჩა.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს თბილისის მერიის მიერ ქალაქის, მისი კულტურისა და მდიდარი შემოქმედებითი ატმოსფეროს პოპულარიზაციის მიზნით დაარსდა. ფესტივალი ყოველწლიურად სცენაზე წარმოადგენს სეზონის არა მარტო წარმატებულ თეატრალურ დადგმებს, არამედ იგი ხდება შემოქმედებითი დისკუსიების, გამოფენებისა და პერფორმანსების არენა, რომელშიც მთელი მსოფლიოს თეატრალური კოლექტივები მონაწილეობენ.
2011 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა.