დღეს ჩვენს აივანს ესტუმრება მსოფლიოში სახელგანთქმული მოცეკვავე, რომელსაც თავად იოსებ ბროდსკიმ რამდენიმე ლექსი მიუძღვნა, „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი მიხეილ ბარიშნიკოვი, რომელიც ყოველთვის იმეორებს, რომ ცდილობს ცეკვაში აჯობოს მხოლოდ საკუთარ თავს, და რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1948 წლის 27 იანვარს ქალაქ რიგაში.
როგორც თავად ბარიშნიკოვი იხსენებს, მისი დედა იყო უბრალო რუსი ქალი, მამა კი — რუსი სამხედრო, რომელიც გამოირჩეოდა უხეში და სასტიკი ხასიათით. დედას პატარა მიშა დაჰყავდა თეატრებში და ძალიან უნდოდა მისთვის ხელოვნების სიყვარული ჩაენერგა. სხვათა შორის, მან ბოლომდე ვერ შეისწავლა ლატვიური ენა და სპექტაკლებს მას შვილი უთარგმინდა. როდესაც მიშა 11 წლის გახდა, დედამ ის მიაბარა საცეკვაო სტუდიაში, დაბრუნდა სახლში და… თავი მოიკლა. პატარა მიშასთვის ეს ნამდვილი ტრაგედია გახდა. ის შემდგომში ამბობდა, რომ მთელი მისი ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად — დედასთან ერთად და დედის გარეშე.
დედის გარდაცვალების შემდეგ მიხეილ ბარიშნიკოვმა სულ ადრეულ ასაკში ისწავლა ცხოვრება დამოუკიდებლად და საკუთარ პრობლემებს თავად წყვეტდა.
მან მიიღო გადაწყვეტილება — გამხდარიყო ცნობილი მოცეკვავე, და დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში ასრულებდა ურთულეს ვარჯიშებს, ამავდროულად ეუფლებოდა იოგას. როდესაც მამამისმა მეორე ცოლი მოიყვანა, მიშამ დატოვა სახლი და გაემგზავრა ლენინგრადში. მან ჩააბარა ვაგანოვის სახელობის საბალეტო სტუდიაში და შეწყვიტა ურთიერთობა მამასთან.
ბარიშნიკოვი იმდენად მიზანდასახულად მიდიოდა თავისი მიზნისკენ, რომ როდესაც მისმა პედაგოგმა ელენა ტანგიევამ უთხრა, რომ ის სოლისტი ვერ გახდებოდა, რადგან ამაში ხელს სიმაღლე არ უწყობდა, მიხეილმა 4 სანტიმეტრი მოიმატა… ის დღემდე ამაყობს ამ თავისი გამარჯვებით.
მინდა შემოგთავაზოთ მიხეილ ბარიშნიკოვის ცეკვა მინკუსის ბალეტიდან „დონ კიხოტი“. მიაქციეთ ყურადღება — როგორი ზუსტი, მილიმეტრამდე გათვლილი და ამავე დროს თავისუფალი პლასტიკაა:
1967 წელს, ლენინგრადის საბალეტო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ბარიშნიკოვი გახდა ლენინგრადის კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეტრის სოლისტი და ასრულებდა ყველა წამყვან პარტიას. ის ამავე პერიოდში გახდა მოსკოვისა და ვარნას საერთაშორისო ბალეტის კონკურსების ოქროს მედლების ლაურეატი. მაგრამ მას არ აკმაყოფილებდა რეპერტუარი და არ ჰყოფნიდა გასაქანი თავისი მთავარი მიზნის მისაღწევად. 1974 წელს, კანადაში თეატრის გასტროლების დროს ის დარჩა საზღვარგარეთ, სადაც მას გაუჩნდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო ქორეოგრაფიის ახალ მიმართულებებსა და ნოვატორულ წამოწყებებში.
საინტერესოა, რომ დღესაც, როდესაც ბარიშნიკოვს ეკითხებიან, რატომ აცხადებს ის უარს რუსეთში გასტროლებით გამოსვლაზე და რატომ არ ენატრება რუსეთი, ბარიშნიკოვი პასუხობს, რომ მას ენატრება რუსი ხალხი და რუსული კულტურა, მაგრამ სულაც არ ენატრება ის გეოგრაფიული ადგილი, რომელსაც ჰქვია რუსეთი…
1974 წელსვე მიხეილ ბარიშნიკოვი ჩავიდა აშშ-ში, სადაც გახდა ჯერ საბალეტო ჯგუფი American Ballet Theatre-ის, ხოლო 1978 წლიდან New York City Ballet-ის წამყვანი სოლისტი. აღსანიშნავია, რომ ამ კოლექტივების უამრავი ნომერი იდგმებოდა სპეციალურად ბარიშნიკოვისთვის. კრიტიკოსების შეფასებით, ბარიშნიკოვის ხელოვნება იმდენად დახვეწილი და სრულყოფილი იყო, რომ ის სხვასაც აიძულებდა უფრო პროფესიონალურად ეცეკვა, მან სერიოზული გავლენა მოახდინა ამერიკულ ბალეტზე.
ცეკვის გარდა მიხეილ ბარიშნიკოვმა წარმატებით მოსინჯა საკუთარი ძალები დრამატულ თეატრსა და კინოში. მან მონაწილეობა მიიღო 20-მდე ფილმსა და რამდენიმე თეატრალურ დადგმაში.
მაგრამ, რა თქმა უნდა, ბალეტს მის ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და პირველი ადგილი ეკავა.
მოდით, ერთად ვნახოთ ბარიშნიკოვის შესრულებით ცნობილი ჰაბანერა, რომელიც მისთვის რომან პეტიმ დადგა. არადა, აქამდე მეგონა, რომ ჰაბანერას მხოლოდ კარმენი უნდა ცეკვავდეს:
ამ ცეკვის შემხედვარე, სავარაუდოდ, მიხვდებოდით, რომ ბარიშნიკოვის ცხოვრებაში უამრავი სასიყვარულო რომანი და გატაცება იყო, მაგრამ ეს არასდროს არ უშლიდა ხელს მის შემოქმედებას.
მას ხანგრძლივი და სერიოზული ურთიერთობები აკავშირდება ჰოლივუდის კინოვარსკვლავ ჯესიკა ლანჟთან, მათ საერთო ქალიშვილიც ჰყავთ – ალექსანდრა. გაცილების შემდეგ (მათ ერთად 6 წელი იცხოვრეს) ბარიშნიკოვმა თქვა, რომ ჯესიკა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქალია, ვინც კი მას ცხოვრებაში შეხვედრია, და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც მათ სურდათ, ის მუდამ დარჩება მის გულში.
10 წელზე მეტია ბარიშნიკოვს ჰყავს მეუღლე — ლიზ რეინჰარდტი, ცნობილი თეატრალური რეჟისორის მერს კანინგემის ქალიშვილი. ის გამოირჩევა თავისი წყნარი და მშვიდი ხასიათით, მისი ყოფნა ცნობილი მსახიობის გვერდით თითქმის შეუმჩნეველია. როგორც ჩანს, ბარიშნიკოვს სწორედ ასეთი მეუღლე სჭირდებოდა. ისინი ზრდიან სამ შვილს — პიტერს, ანას და სოფიას, რომლებსაც მშობლების მსგავსად გამჭირვალე ცისფერი თვალები აქვთ.
ხელოვნების გარდა ბარიშნიკოვი დაკავებულია ბიზნესითაც. მან იოსებ ბროდსკისთან ერთად გახსნა ნიუ-იორკში რესტორანი „რუსული სამოვარი“, გამოსცა პარფიუმი — Misha და ტანსაცმელი მოცეკვავეებისთვის ბრენდით Baryshnikov.
ბოლოს კი მინდა ერთად ვისიამოვნოთ ფანტასტიკური დუეტით — მიხეილ ბარიშნიკოვი — გრიგორი ჰაიენსი:
გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და გრაციოზულ დღეს!
ლელა ანჯაფარიძე