თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საიუბილეო, მეათე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც თბილისში 2018 წლის 14-30 სექტემბერს გაიმართება, თეატრალური დასები ჩამოვლენ აშშ-დან, კანადიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, მალაიზიიდან და ჩინეთიდან.
თბილისის საერთაშორისო ფესტივალი 2009 წელს მერიის ინიციატივით დაარსდა. მისი მიზანია ქალაქის, მისი კულტურისა და მდიდარი შემოქმედებითი ატმოსფეროს პოპულარიზება.
წელს საერთაშორისო ფესტივალს გახსნის მონოსპექტაკლი „ბროდსკი/ბარიშნიკოვი". რეჟისორია ლატვიელი თეატრალური რეჟისორი ალვის ჰერმანისი.
მონრეალის ცირკი „ელუაზი", რომელიც ცნობილია მსოფლიოში თავისი თამამი და უჩვეულო დადგმებით, ქართველი მაყურებლისთვის წარმოადგენს „სიკროპოლისს".
ჩინური თეატრი Zhao Liang აჩვენებს წარმოდგენას "საბრძოლო ხელოვნება ცეკვის ენით", ხოლო თეატრი მალაიზიიდან Hands Percussion — სპექტაკლს „დიალოგი კანს შიგნით".
ცნობილი ლონდონური შოუ The Tiger Lilies წარმოადგენს სპექტაკლს „ალან პოს მოჯადოებულ სასახლე, ტაიგერ ლილიზი".
საერთაშორისო ფესტივალის პროგრამაშია ქართველი დრამატურგების პიესებზე შექმნილი ორი სპექტაკლიც: ნინო ხარატიშვილის რომანის მიხედვით "მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)" ჰამბურგის თეატრის Thalia შესრულებით და დათო გაბუნიას ნაწარმოების მიხედვით „ვეფხვი და ლომი" — კარლსრუესა და სამეფო უბნის თეატრის ერთობლივი ნაწარმოები.
თეატრალური ფესტივალის ეროვნული პროგრამა მოგვიანებით იქნება ანონსირებული.
ფესტივალის აბონემენტები და ბილეთები უკვე იყიდება მარჯანიშვილის თეატრის სალაროებში და ონლაინ.
ყოველწლიური ფესტივალი თავის სცენაზე წარმოადგენს ყველაზე წარმატებულ თეატრალურ დადგმებს, ასევე არის ადგილი სხვადასხვა შემოქმედებითი დისკუსიის, გამოფენის, პერფორმანსისთვის მთელი მსოფლიოდან თეატრალური დასების მონაწილეობით.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2011 წელს ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა.