ბახტაძე: მარიხუანის კულტივაცია მკაცრად იქნება რეგლამენტირებული

© Sputnik / Levan Avlabreliმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერის განცხადებით, დაისჯებიან ისინიც, ვინც მარიხუანის პოპულარიზაციას 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში ეცდება.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადად დაავალა კანონპროექტის მომზადება, რომელიც გარკვეულ ადგილებში მარიხუანის მოხმარებას შეზღუდავს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც შექმნის ქვეყანაში მარიხუანის მოხმარებისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ქართული მარიხუანა ექსპორტზე — რეალობა თუ წინასაარჩევნო დაბოლება>>>

პრემიერის სიტყვებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც გააუქმა ბოლო დრომდე დარჩენილი ერთადერთი ადმინისტრაციული სასჯელი, ქვეყანა ახალი სამართლებრივი რეალობის წინაშე დადგა. „ბალახის" მოწევა უკვე არც სისხლის სამართლის დანაშაულად და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აღარ ითვლება.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
სექსი, მარიხუანა, ჯარი და, ბოლოს – საარჩევნო კამპანია პორნოსაიტზე

„როგორც კი ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, მე შინაგან საქმეთა მინისტრს დავავალე შესაბამისი კანონპროექტის მომზადება, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში მარიხუანის მოხმარების მკაცრ ჩარჩოებს შექმნის. შესაბამისად, მომზადდა ახალი რეგულაციების პროექტი, რომელსაც მთავრობის სხდომაზე, შემდეგ კი პარლამენტში განიხილავენ", — განაცხადა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე.

შეზღუდვების დაწესების მიზნად პრემიერმა მარიხუანის ლეგალიზაციის ნეგატიური შედეგებისგან ახალგაზრდობის დაცვა დაასახელა.

„მავნე ზეგავლენისგან ახალგაზრდების დაცვის მიზნით დაისჯებიან ისინიც, ვინც ამ იდეის (მოხმარების — რედ.) პოპულარიზაციას 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში ეცდება. მინდა აღვნიშნო, რომ გამკაცრდება პასუხისმგებლობა მარიხუანის პოპულარიზაციისა და მოხმარების რეკლამასთან დაკავშირებით", — აღნიშნა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

დღეს მთავრობის სხდომაზე მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავენ>>>

შესწორებების თანახმად, მარიხუანის მოხმარება იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვნების თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, ასევე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის — პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის და ა.შ.

საქართველოში მარიხუანის გასაღება კვლავინდებურად სისხლის სამართლებრივ დანაშაულად რჩება, თუმცა, გუშინ გახმოვანდა იდეა ქვეყნიდან მარიხუანის ექსპორტზე გატანის შესახებ.

„რაც შეეხება კანაფის კულტივაციას და საექსპორტოდ მისი სამედიცინო მიზნით წარმოებას, ეს რეგულაციის ის ნაწილია, რომელიც ქაოსური და უკანონო პროცესის თავიდან აცილების მიზნით ასევე უნდა იყოს რეგლამენტირებული", — განაცხადა ბახტაძემ.

 

ყველა ახალი ამბავი
0