თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. მთავრობის სხდომაზე დღეს ექსპორტის მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ინიციატივით ექსპორტზე გასატანად მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხის განიხილვა იგეგმება. როგორც დეპუტატმა გიორგი გაჩეჩილაძემ განმარტა, საუბარია მხოლოდ საექსპორტოდ მარიხუანის სამკურნალო მიზნით კულტივაციაზე. ხოლო ის ტერიტორიები, რომლებზეც ლიცენზია გაიცემა, საქართველოს შსს-ს მიერ მკაცრად გაკონტროლდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა 10:00 საათზე დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, მთავრობა გამოაცხადებს საერთაშორისო კონკურსს და ასე გამოვლინდება ლიცენზიანტი, რომელსაც საქართველოში კანაფის საექსპორტოდ მოყვანის უფლება მიენიჭება. სალიცენზიო პირობებით განისაზღვრება კანაფის წარმოების გეოგრაფიული არეალი და წლიური ოდენობაც.
საქართველოში მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხზე კომენტარი გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა. უწყებაში ადასტურებენ, რომ მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს. შსს-ს განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო კანაფის ექსპორტიორი გახდება, მისი გასაღება ქვეყანაში ისევ სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი მკაცრ შეზღუდვებს აწესებს.
შსს-ს მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მარიხუანის მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად შედარებით მკაცრად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და არასრულწლოვნისთვის მარიხუანის სასყიდლით ან უსასყიდლოდ გასაღება/გადაცემა ან მარიხუანის მოხმარებაზე დაყოლიება.
ასევე დასჯადი იქნება მარიხუანის მოხმარება არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში. ასევე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის - პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის და ა.შ.
საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს პარლამენტის წინააღმდეგ პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის" ლიდერების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიძის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რითიც მარიხუანის მოხმარებისთვის ერთადერთი დარჩენილი ადმინისტრაციული სასჯელი — 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა. რაც შეეხება კულტივაციას, ის სისხლის სამართლის დანაშაულად რჩება.