თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ქართველი პოეტის და მუსიკოსის, ბორის გუგეშაშვილის სახელობის ახალი ფესტივალი „ბეჩა ყირამალა“ იწყება 9 სექტემბერს ზემო რაჭაში, პოეტის მშობლიურ სოფელ მაჟიეთში (ონის რაიონი).
პროექტი ემსახურება დაცლის პირას მყოფი ულამაზესი საკაურას ხეობის გამოცოცხლებას, ინტერესის გაღვივებას რაჭის ბუნებისა და ტურისტული პოტენციალისადმი და ქართველი პოეტის ხსოვნის უკვდავყოფას.
ბორის გუგეშაშვილი დაიბადა საქართველოში 1935 წლის 19 ოქტომბერს. წერდა ლექსებს, სიმღერებს. მშობლიურ სოფელ მაჟიეთში აქტიურ პედაგოგიურ და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა. იყო უამრავი წრის გახსნის ინიციატორი — სიმღერის, ცეკვის, ფეხბურთის, ჩოგბურთის, ჭადრაკის. სოფლის ახალგაზრდობას ასწავლიდა გიტარაზე დაკვრას, აღვივებდა სიყვარულს წიგნებისა და კინოს მიმართ.
ფესტივალის სახელწოდება „ბეჩა ყირამალა“ ბორის გუგეშაშვილის ყველაზე პოპულარული კომპოზიციიდან არის აღებული.
ფესტივალი 15:00 საათზე ადგილობრივი ოსტატების ხელნაკეთი ნაწარმის გამოფენით გაიხსნება და ფოლკლორული კონცერტით დასრულდება.
კონცერტზე წარდგებიან ისეთი ანსამბლები, როგორიცაა ჯგუფი „ჩვენებურები“, რობი კუხიანიძე და „აუტსაიდერი“, ლევან ქუმსიაშვილი, ჯგუფი „ალუბალი“, ონის შალვა ჯაფარიძის სახელობის ანსამბლები „რაჭა“, „ბიჭუნები“, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ფოლკლორული ჯგუფი „ჰანგი“, ანსამბლები ამბროლაურიდან „საგალობელი“ და „იავნანა“ და სხვ. მუსიკალურ საღამოში ასევე მონაწილეობას მიიღებს პოეტ გუგეშაშვილების ოჯახი.
ფესტივალზე შესრულდება როგორც ბორის გუგეშაშვილის სიმღერები, ისე სხვა ავტორების კომპოზიციები და ხალხური სიმღერები.