თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. რაჭის რეგიონი ევროპის წამყვან სამთო კურორტებს კონკურენციას გაუწევს, მიაჩნიათ ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებს.
კომპანია Compagnie des Alpes-ისა და მთის კურორტების დაგეგმარებისა და დიზაინის კომპანია Géode-ის ხელმძღვანელი პირები საქართველოში „საპარტნიორო ფონდის“ მოწვევით და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩამოვიდნენ და რაჭის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.
„რაჭის რეგიონს აქვს ტურისტული რესურსების სრული კომპლექტი, რომ ევროპის წამყვან სამთო კურორტებს კონკურენცია გაუწიოს. ჩვენი მიზანია, გაგიზიაროთ ევროპული გამოცდილება საუკეთესო შედეგების მისაღწევად“, — ციტირებს Compagnie des Alpes-ის საერთაშორისო პროექტების დირექტორ ფრედერიკ მარიონს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“.
რაჭა-ლეჩხუმს მეორე შვეიცარიას ეძახიან. რეგიონში კრისტალურად სუფთა ჰაერი, ალპური მდელოები და უამრავი მინერალური წყაროა. მხოლოდ რაჭაში, სოფელ ხვანჭკარაში, გაშენებულია ყურძნის ჯიში, რომლითაც განთქმულ ღვინოს აყენებენ.
რაჭული სოფელი უნიკალური სმენის ხალხით და ამ სოფლის მკვიდრის წარმატებული კარიერა >>
ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებმა რაჭის საინვესტიციო პოტენციალი შეაფასეს და რეგიონის საკურორტო ადგილები დაათვალიერეს. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფრანგ სპეციალისტებს რაჭის განვითარების კონცეფციის დეტალები გააცნო და რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„რაჭის ტურისტული რესურსი აუთვისებელია. ეს ის მხარეა, რომელიც გამორჩეულად მდიდარია საკურორტო პოტენციალით. ტურიზმის სექტორის განვითარება „საპარტნიორო ფონდის“ პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ ფონდი რაჭის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც ვცდილობთ მაქსიმალურად მოვიცვათ რეგიონი და გავიზიაროთ ევროპული გამოცდილება“, — განაცხადა საგანელიძემ.
რაჭის განვითარების კონცეფცია ადგილობრივი მაცხოვრებლების დასაქმებაზეა ორიენტირებული, რათა მათ მშობლიური ადგილები არ დატოვონ. ფრანგ სპეციალისტებთან ერთად რაჭაში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკის სამსახურის უფროსი იულია სოტიე იმყოფებოდა.