09:48 21 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
ლევან აბუთიძე

რაჭული სოფელი უნიკალური სმენის ხალხით და ამ სოფლის მკვიდრის წარმატებული კარიერა

© Photo: Courtesy of Levan Abutidze
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
1420130

ლევან აბუთიძე ცნობილი საოპერო მომღერალია. საქართველოში დააფუძნა სიმღერის პირველი რეგიონული ფესტივალ-კონკურსი, რომლის მიზანიც რეგიონებში კლასიკური, ხალხური და საესტრადო მუსიკის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა, ნიჭიერი შემსრულებლების აღმოჩენაა. იგი ასევე გახლავთ საქველმოქმედო ფონდის „ერთად სიკეთისთვის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

ამ ფონდის ეგიდით ბატონ ლევანს არაერთი კეთილი და საჭირო საქმე აქვს გაკეთებული. მიწვეული იყო ისეთ საერთაშორისო საოპერო კონკურსებსა და ფესტივალებზე, როგორიცაა, ესპანეთში — მონსერატ კაბალიეს, ინგლისში — კარდიფის, ამერიკაში — პლასიდო დომინგოს ფესტივალები.

ლევან აბუთიძე
ლევან აბუთიძე

– ბატონო ლევან, მუსიკასთან თქვენი ურთიერთობა როდის დაიწყო, ეს ოჯახური მუსიკალური ტრადიცია ხომ არ არის?

— დიახ, ეს ჩვენი ოჯახური მუსიკალური ტრადიციაა. ჩემი ურთიერთობა მუსიკასთან ადრეული ასაკიდან იღებს სათავეს, ჩვენ ოჯახში ყოველი დღე სიმღერით იწყებოდა. მახსენდება, როგორ მაღვიძებდა დილაობით ამღერებული ბებია, შემდეგ კი სიმღერა ბაბუასა და ბებიასთან ერთად სამ ხმაში გრძელდებოდა. ძალიან კარგი დრო იყო. ჩემ სოფელში ვერ მოძებნი ადამიანს, რომელიც ვერ მღერის. ეს არის სოფელი კაჩეეთი, რომელიც რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ნიკორწმინდის მეზობლად მდებარეობს. ეს არის ნიკორწმინდაზე უფრო ძველი სოფელი. იქ ისეთი უნიკალური ხმისა და სმენის ხალხი ცხოვრობს, რომ მათ გვერდით შეუძლებელია კაცი არ ამღერდეს.

საქველმოქმედო ფონდის ერთად სიკეთისთვის ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ
საქველმოქმედო ფონდის "ერთად სიკეთისთვის" ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ

– როგორ გაიხსენებთ კონსერვატორიაში სწავლის წლებს, ვინ იყვნენ თქვენი პედაგოგები?

— თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლის პერიოდს ძალიან თბილად ვიხსენებ. იქ მოღვაწეობენ ბრწყინვალე, გენიალური, პროფესიონალი მუსიკოსები, ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩემ მუსიკალურ განათლებაზე, გემოვნებასა და შემოქმედებით ხედვაზე. აქ მივიღე დიდი ცოდნა და ჩამოვყალიბდი, პირველ რიგში, როგორც პროფესიონალი მუსიკოსი და შემსრულებელი. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში წილად მხვდა იმის ბედნიერება, რომ მასწავლიდნენ ისეთი გენიალური მუსიკოსები და პიროვნებები, როგორებიც არიან თემურ ელიავა, ლამარა გოგლიჩიძე, გოჩა ბეჟუაშვილი, ელდარ გეწაძე, ცისანა ტატიშვილი, დიდი მაესტრო ნოდარ ანდღულაძე, რომლის გარდაცვალების შემდეგ სწავლა გავაგრძელე გენიალური საოპერო მომღერლის, პროფესორ თეიმურაზ გუგუშვილის კლასში, სადაც მაგისტრატურა გავიარე.

ლევან აბუთიძე სცენაზე
ლევან აბუთიძე სცენაზე

– თქვენ ბევრი ფესტივალისა და კონკურსის მონაწილე ხართ, მათგან რომელი იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და რატომ?

— მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი დიდი საოპერო ვარსკვლავის, მაესტრო ლადო ათანელის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა იყო. გარდა იმისა, რომ იქ უძლიერესი კონკურსანტები იყვნენ, რომლებიც ახლა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან თეატრებში მღერიან წამყვან პარტიებს, ჟიურიში ისხდნენ უდიდესი, მსოფლიო მნიშვნელობის მქონე საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ჩემ შემოქმედებას კარგად იცნობენ. მათ წინაშე გამოსვლა ჩემთვის რამდენადაც რთული იყო, იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი.

ლევან აბუთიძე
ლევან აბუთიძე

– 2016 წელს ვაშინგტონში იყავით მიწვეული საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ქართულ-ამერიკულ საღამოზე…

— დიახ, ამ საღამოზე ჩემთან ერთად მიწვეული იყვნენ ნიკოლოზ რაჭველი და ნინო ქათამაძე. მათ ბრწყინვალე შოუ დადგეს, როგორც ყოველთვის. ეს იყო ძალიან სასიამოვნო, ქართულ-ამერიკული მეგობრული საღამო ვაშინგტონში, სადაც ამერიკაში მოღვაწე ანსამბლ „ზეკართან“ ერთად სოლო შევასრულე, ჯერ საქართველოს ჰიმნი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად და შემდეგ – ამერიკის ჰიმნი სენატორთან ერთად. სამწუხაროდ, იმ სენატორის სახელს და გვარს ვერ ვიხსენებ… იმას გეტყვით, რომ ორივე მათგანმა ძალიან კარგად შეასრულა.

ლევან აბუთიძე სცენაზე
ლევან აბუთიძე სცენაზე

– თქვენ ხართ საქველმოქმედო ფონდის „ერთად სიკეთისთვის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი…

— ფონდის ეგიდით ბევრი კეთილი საქმე გაკეთდა. ვერც ერთს ვერ გამოვყოფ, რადგან ყოველთვის უკმარისობის გრძნობა მაქვს, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც ხელის გაწვდენა და დახმარება სჭირდება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მე და ჩემი მეგობრები საერთო ძალებით ვიბრძვით. რადგან სიკეთე გადამდებია და ჩვენ შვილებს წინ დახვდებათ, ამიტომ რაც შეიძლება მეტი კეთილი საქმე უნდა ვაკეთოთ.

ლევან აბუთიძე და ნინო ქათამაძე
ლევან აბუთიძე და ნინო ქათამაძე

– რეგიონული სიმღერის ფესტივალისა და კონკურსის დამფუძნებელიც ხართ…

— დიახ, ასეა, მე დავაფუძნე სიმღერის პირველი რეგიონული ფესტივალი-კონკურსი, რომლის მიზანიც რეგიონებში კლასიკური, ხალხური და საესტრადო მუსიკის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა, ნიჭიერი შემსრულებლების აღმოჩენა და შემდგომში მათი შემოქმედებით განვითარებაში ხელშეწყობაა. ფესტივალი-კონკურსი ჩატარდა 2017 წლის 17 ოქტომბერს რუსთავში. მასში მონაწილეობა მიიღო 30-მდე ახალგაზრდა შემსრულებელმა, გამოვლინდა 6 გამარჯვებული, უნიჭიერესი ახალგაზრდები, რომლებსაც გამარჯვებულის დიპლომები, ფულადი და წამახალისებელი პრიზები გადაეცათ. კონკურსანტებს ჟიურიში მყოფი როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ მოღვაწე ცნობილი მუსიკოსები აფასებდნენ.

– შეგიძლიათ გვითხრათ, ზოგადად რა არის თქვენთვის სიკეთე?

— ჩემთვის სიკეთე ოჯახიდან მოდის, რადგან ის, პირველ რიგში, ოჯახის წევრების ერთმანეთზე თავდადებული ზრუნვაა. სიკეთეს ბევრი მიზეზი აქვს, მაგალითად, ცდილობ, რომ სხვას გაუკეთო ის, რაც თავის დროზე თავად გჭირდებოდა. კიდევ, უნდა გიყვარდეს ადამიანები და ის, რასაც აკეთებ…

 

მთავარი თემები