რთველი 2018 გრძელდება - მევენახეებმა 23 ათას ტონამდე ყურძენი ჩააბარეს

გამოწერა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სექტემბრის თვის მონაცემებით მევენახეების შემოსავალმა 37 მილიონ ლარს გადააჭარბა.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. რთველი-2018-ის ფარგლებში, ყურძნის გადამუშავების განვლილი დღე-ღამის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია: 50-მდე ღვინის საწარმოს ყურძენი 925-მა მევენახემ ჩააბარა, სულ დღეღამურად გადამუშავდა 6 ათას ტონამდე ყურძენი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, სექტემბრის თვის მონაცემებით კახეთში 23 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 14 ათას ტონამდე საფერავი, 5 ათას ტონამდე რქაწითელი, 800 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მევენახეების შემოსავალმა 37 მილიონ ლარს გადააჭარბა.

რთველი - Sputnik საქართველო
კახეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძენი სრულად გადამუშავდა

„განვლილ დღე-ღამეში 6 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ნიშნავს, რომ რთველი პიკურ ფაზაშია. რამდენიმე საწარმო, რომელიც რთველის პროცესში დასაწყისიდან ჩაერთო, გადაივსო და ამ ეტაპზე შეაჩერა მუშაობა, რაც არის ჩვეულებრივი მოვლენა რთველის დროს. ამის მიუხედავად, ყურძნის ჩაბარება არ შეფერხებულა, რადგან რთველის პროცესში ახალი საწარმოები ერთვებიან. კახეთის ყველა რეგიონში ღვინის საწარმოები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ ყურძნის მიღებას“, —განაცხადა  რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრო ასლანიშვილმა.

ყურძნის ჩაბარების შესაძლებლობა ყველა მევენახეს მიეცა, თუმცა რამდენიმე საათის განმავლობაში  მოუწიათ რიგში დგომა. სააგენტოს განცხადებით, აღნიშნული ფაქტი აქტიური რთველისთვის დამახასიათებელი, ჩვეულებრივი მოვლენაა.

სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბერს, კახეთის მასშტაბით რთველის პროცესში ჩართული იყო 50 კომპანია: გურჯაანში — 16, თელავში — 16, ყვარელში — 10, ახმეტაში — 3, დედოფლისწყაროში — 1, ლაგოდეხში — 1, საგარეჯოში — 2 და სიღნაღში — 1.

ყურძნის მტევანი - Sputnik საქართველო
სამხარაული: ყურძნის მოყვანა უკვე სუბსიდიების გარეშეც მომგებიანია

რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 150-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული.

2017 წელს დაახლოებით 130 ტონა ყურძენი გადამუშავდა, ხოლო მოსახლეობის შემოსავალმა 150 მლნ ლარამდე შეადგინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,4 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 19%-ით აღემატება წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 107,8 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა.

ქართული ღვინის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი, პოლონეთი.


ყველა ახალი ამბავი
0