თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. კახეთში სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობის ყურძნის გადამუშავება დასრულებულია, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახშანში, მატანსა და ქისტაურში 18 აგვისტოს ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ყურძნის მოსავალი განადგურდა. ყველაზე მეტად სოფელი ქისტაური დაზარალდა. სეტყვამ საკმაოდ დიდ ფართობზე ყურძენი თითქმის მთლიანად გაანადგურა. სეტყვის შედეგად ახმეტაში ვენახებთან ერთად ასევე ხეხილიც დაზიანდა. სტიქიამ აგრეთვე დააზარალა თელავის მიმდებარე სოფლები შალაური, კისისხევი და ნასამხრალი.
ახმეტასა და თელავში სტიქიით დაზიანებული ყურძნის ჩაბარება 20 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტოს დასრულდა. სააგენტოს ინფორმაციით, სულ გადამუშავებულია სეტყვისგან დაზიანებული 1,1 ათასი ტონა ყურძენი.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წელს ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი შარშანდელთან მიახლოებული იქნება, რაც რქაწითელზე 60-70 თეთრს და საფერავზე 1,5 ლარს შეადგენს.
„ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში 18 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფლის 500-მდე ჰექტარი ვენახი დაზიანდა. შექმნილი ვითარების გამო ქალაქ თელავში „რთველი 2018“-ის საკოორდინაციო შტაბში ოპერატიულად დაიგეგმა ღონისძიებები იმ ფერმერების დასახმარებლად, ვისაც მოსავალი დაუზიანდა და ვენახები დაზღვეული არ ჰქონდა", — განაცხადა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა.
რაც შეეხება ზოგადად წლევანდელ რთველს, ყურძნის კრეფა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება და ეტაპობრივად მთელ კახეთს მოიცავს.
„რთველი 2018"-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 41 კომპანიაა რეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. რთველის მიმდინარეობის დროს შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
„გაზრდილია ღვინის ექსპორტის მოცულობა, საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია, შექმნილია ახალი, გაფართოებული და გადაიარაღებულია ღვინის ძველი საწარმოები, ფუნქციონირებს აგროდაზღვევის განვითარებული სისტემა“, — ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, 18 აგვისტოს კახეთში ბოლო 4 წელიწადში ყველაზე დიდი მასშტაბის სეტყვის მარცვლები დაფიქსირდა. სეტყვის შესამსუბუქებლად 200-მდე რაკეტა გაისროლეს, რამაც ღრუბლის მასები მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა ახმეტისა და თელავის რაიონებში სარაკეტო დამუშავება სროლისთვის აკრძალული ზონების არსებობის გამო დასახლებული პუნქტების გარეთ განხორციელდა.