ახმეტაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება დღეს დაიწყება

გამოწერა
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულებს ბანკებთან შუამდგომლობასა და სესხების გადავადებასაც დაჰპირდნენ

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ახმეტაში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას დღეიდან შეძლებს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში, მატანსა და ქისტაურში 18 აგვისტოს ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ყურძნის მოსავალი განადგურდა. ყველაზე მეტად სოფელი ქისტაური დაზარალდა. სეტყვამ საკმაოდ დიდ ფართობზე ყურძენი 100%-ით გაანადგურა. ასევე, სეტყვის შედეგად ახმეტაში ვენახებთან ერთად ხეხილიც დაზიანდა. ამასთან, სტიქიამ დააზარალა თელავის მიმდებარე სოფლები შალაური, კისისხევი და ნასამხრალი.

ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
დავითაშვილი: კახეთში სტიქიისგან დაზარებულები დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას შეძლებენ

ხელისუფლებისგან დახმარების მოთხოვნით, გუშინ სოფელ ქისტაურის მოსახლეობამ ახმეტა-თელავის ცენტრალური გზა გადაკეტა.

ახმეტაში ერთ-ერთი ღვინის ქარხანასთან მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ყურძნის ჩაბარების სავარაუდო ფასი კი 40-50 თეთრი იქნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო კომპენსაციით ვერ დაეხმარება, თუმცა უშუამდგომლებს ღვინის ქარხნებთან, რათა დროულად მოხდეს დაზიანებული ყურძნის ჩაბარება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულებს ბანკებთან შუამდგომლობასა და სესხების გადავადებასაც დაჰპირდნენ.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 4 წელში კახეთში ყველაზე დიდი მასშტაბის სეტყვის მარცვლები დაფიქსირდა. ცენტრის განმარტებით, სეტყვის შესამსუბუქებლად 200-მდე რაკეტა გაისროლეს, რამაც ღრუბლის მასები მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა ახმეტისა და თელავის რაიონებში სარაკეტო დამუშავება სროლისთვის აკრძალული ზონების არსებობის გამო, დასახლებული პუნქტების გარეთ განხორციელდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0