თამბაქო, არჩევნები და Iberia TV - მილიონიანი დავალიანება საბედისწერო შეიძლება გახდეს

© photo: Sputnikოპერატორი ტელეკამერით ხელში
ოპერატორი ტელეკამერით ხელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამბაქოს კომპანია Omega Group Tobacco-ს იმხელა საგადასახადო დავალიანება დაუგროვდა, რომ ტელეარხ Iberia TV-ს არაფრის იმედი არ დარჩა

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე კერძო ტელეკომპანია Iberia TV დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ხელისუფლებამ გადასახადების გადაუხდელობის გამო მისი დამაარსებლის და მთავარი სპონსორის — თამბაქოს კომპანია Omega Group-ის ანგარიშები დააყადაღა.

საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატების განაცხადების წარდგენის ვადა სრულდება >>

Omega Group-ი გადასახადების გამო სკანდალში უკვე მერამდენედ აღმოჩნდა. 2004 წელს პროკურატურამ საგადასახადო რევიზია დაიწყო და დააყადაღა Omega Group-ის ქონება, რის შემდეგ იმავე წლის დეკემბერში დაიხურა 2000 წელს დაარსებული Iberia TV, ხოლო მისი წილები გაიყიდა.

2013 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ტელეკომპანია Omega Group-ს დაუბრუნეს, ხოლო 2015 წელს მან მაუწყებლობა განაგრძო.

2016 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაადგინა. რომ 2004 წელს კომპანიის ქონების დაყადაღება დამოუკიდებელი ტელეარხის დახურვას ემსახურებოდა. ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებები იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს წარუდგინეს.

ტელეარხის პოზიცია

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საგადასახადო შემოსავლებმა ბიუჯეტში მოლოდინს გადააჭარბა

2018 წელს Omega Group-ის ანგარიშების დაყადაღების შემდეგ Iberia TV-მ კვლავ განაცხადა სიტყვის თავისუფლების დარღვევისა და ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი ტელეარხის დახურვით დაინტერესების შესახებ.

„ტელევიზიის მუშაობა სერიოზული საფრთხის ქვეშაა. „იბერიას“ ხელისუფლებამ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია. ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გააჩერა ფაბრიკა. ჩვენ, ჟურნალისტებს გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ხდება საგანგებოდ, რომ აღარ ისმოდეს ჩვენი ეთერიდან კრიტიკული აზრი“, — ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

Iberia TV-ს ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ბოლო მოვლენები უკავშირდება ვიღაცის სურვილს დაეუფლოს ტელეკომპანიას.

ოფიციალური პოზიცია

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ის იძულებული იყო დაეყადაღებინა Omega Group-ის ქონება და გამოეყენებინა ინკასო (გადამხდელის საგადასახადო დავალიანების თანხის ამოღება უშუალოდ საბანკო ანგარიშებიდან), რადგან Omega Group-ში შემავალ თამბაქოს მწარმოებელ კომპანია Omega Group Tobacco-ს აქვს სახელმწიფოს ვალი 51,7 მილიონი ლარის ოდენობით.

„ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ“-ს (Omega Group Tobacco) საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. აღნიშნული დავალიანება დეკლარირებულია გადამხდელის მიერ 2015-2018 წლებში“, — ნათქვამია განცხადებაში.

რას მოუტანს რძის პროდუქტებისა და ადგილობრივი წამლების დღგ-სგან გათავისუფლება ეკონომიკას >>

სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ვალი ერიცხება ბიუჯეტის წინაშე.

ამ წლების განმავლობაში, კომპანიამ ორჯერ მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების გადანაწილებისთვის (გრაფიკისთვის), რომელიც მათი მოთხოვნის შესაბამისად გაფორმდა, თუმცა გადამხდელის მიერ გადახდის პირობების დარღვევის გამო ორივე გრაფიკი გაუქმდა.

მეტიც, Omega Group Tobacco-მ 11-ჯერ წერილობით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს იძულებითი ღონისძიებების არ გამოყენების/გაუქმების თხოვნით, რომელიც გათვალისწინებული იყო შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რათა არ შეფერებულიყო საწარმოს ფუნქციონირება.

ტაქსი - Sputnik საქართველო
ტაქსების მძღოლებისთვის რეგისტრაციის გავლა იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი

„იძულებითი ღონისძიებების გადავადების მიუხედავად, კომპანიამ საგადასახადო დავალიანების შემცირების ნაცვლად, განაგრძო დავალიანების ზრდა, რის გამოც შემოსვლების სამსახური იძულებული გახდა გამოეყენებინა მისთვის კანონით მინიჭებული ღონისძიებები“, — ნათქვამია განცხადებაში.

სხვა მხარის თვალსაზრისი

ბიზნეს-ომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ფინანსთა სამინისტროს მხარეზეა.

„ტელევიზიის დამფუძნებელ კომპანიას აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები სახელმწიფოსთან და ამის გამო საუბარი იმაზე, რომ მიმდინარეობს ტელევიზიაზე ზეწოლა, ვფიქრობ, კორექტული არ არის“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ტელეკომპანია Iberia TV-ში არსებულ სიტუაციაზე კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

„ჩემი პასუხი მარტივია. გადასახადებს სჭირდება გადახდა, მედიას სჭირდება თავისუფლება და ერთისა და მეორის გარანტი საქართველოში არის „ქართული ოცნება“, ჩვენი ხელისუფლება და შესაბამისად, ამ პრინციპის საფუძველზე ვმოქმედებთ“, — განაცხადა კობახიძემ.

ტელეკომპანია Iberia TV-სთან დაკავშირებული სიტუაციით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაინტერესდა.

„ახლაც პრეზიდენტი განსაკუთრებული ყურადღებით მიადევნებს ამ საქმე თვალყურს, მას ექნება შეხვედრა ჟურნალისტებთან და ტელეკომპანიის წარმომადგენლებთან, რათა დეტალურად მოისმინოს ინფორმაცია და ყველა კონკრეტული საკითხი გაიაროს მათთან, რადგან მრავალფეროვანი მედია გარემო ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რაზეც უნდა დაშენდეს ამ ქვეყნის სწორი და ძლიერი მომავალი. ყველა საკითხი რაც ეხება მედიას პრეზიდენტი განსაკუთრებული მნიშვნელობით ეკიდება”, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0