თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 18:00 საათზე დაასრულებს პრეზიდენტობის კანდიდატებად დარეგისტრირების მსურველთა განაცხადების მიღებას, განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ პირველი არხის ეთერში.
რეჟისორ გიორგი შენგელაიას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის იმედი აქვს >>
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. კანდიდატი უნდა იყოს 35 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც პარტია ან საინიციატივო ჯგუფი წარადგენს.
„8 სექტემბერს 18:00 საათზე დასრულდება საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების მიერ კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის განცხადებით მიმართვის ვადა. ამის შემდეგ, მათ შეუძლიათ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვების პროცესი”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისი თქმით, ხელმოწერები წარმოდგენილი უნდა იყოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორმოცე დღისა, ხოლო ხელმოწერების შემოწმების შემდეგ, არჩევნებამდე არაუგვიანეს ოცდამეათე დღისა.
„ცესკო-ს თავმჯდომარის სახელზე 41 განცხადებაა შესული. პრეზიდენტობის კანდიდატი წარდგენილი ყავს 22 საინიციატივო ჯგუფსა და 19 პარტიას. რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვს ოთხ კანდიდატს – 1. მიხეილ გელა სალუაშვილი „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე” 2. ზვიად ბაღდავაძე. „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო” 3. შალვა ნათელაშვილი “საქართველოს ლეიბორისტული პარტია” 4. დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, — აღნიშნა მიქელაძემ.
რეგისტრაციის გასავლელად კანდიდატებმა ცესკოში სულ მცირე 25 923 მომხრის ხელმოწერა უნდა წარადგინონ.