რატომ შეიკავა თავი C ჰეპატიტის მკურნალობისგან რამდენიმე ათეულმა ადამიანმა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშისისხლის ანალიზის ჩაბარება
სისხლის ანალიზის ჩაბარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით სერგეენკოს განცხადებით, ბევრი პაციენტი იკავებს თავს მკურნალობაში ჩართვისგან იმის გამო, რომ მკურნალობის პროცესში საჭიროა ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. C ჰეპატიტის პროგრამით განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ს შეადგენს, ხოლო პროგრამის დაწყებიდან მკურნალობა წარუმატებელი 490 პაციენტისთვის აღმოჩნდა, იტყობინება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, იმ პაციენტებს, რომლებიც ამ დაავადებისგან ჯერ არ განკურნებულან, ოქტომბრიდან მკურნალობის ახალი შესაძლებლობა მიეცემათ.

სისხლის ცენტრი - Sputnik საქართველო
სუსი C ჰეპატიტის სამკურნალო ვადაგასული მედიკამენტებით დაინტერესდა

„ასი პროცენტით არც ერთი მედიკამენტი არ მოქმედებს. ამ პაციენტებზე ზუსტად გუშინ მქონდა ჩვენ პარტნიორებთან ტელეკონფერენცია, მათ ახალ შესაძლებლობას მივცემთ, ამ 490 ადამიანსაც მივცემთ განკურნების საშუალებას უკვე ოქტომბრიდან“, – განაცხადა მინისტრმა.

სერგეენკოს თქმით, თუ C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში ჩართვის მსურველთა რაოდენობა პირველ წელს მაღალი იყო, ახლა მნიშვნელოვნად იკლებს, რადგან ბევრი პაციენტი იკავებს თავს მკურნალობაში ჩართვისგან იმის გამო, რომ მკურნალობის პროცესში საჭიროა ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.

„ვერ ვიტყვი, რომ ახლა განულებულია (მსურველთა რაოდენობა — რედ.), მაგრამ დაახლოებით შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება 100 000 ადამიანიდან, რომელსაც მკურნალობა სჭირდება, რამდენიმე ათეულმა შეიკავოს თავი ამის გამო“, – განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. პროგრამა ორი ეტაპისგან შედგება და პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტებს მოიცავს.

საქართველოში C ჰეპატიტთან ბრძოლის ახალი კამპანია დაიწყო >>

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად ითვლება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორები დაარწმუნა, რომ სწორედ საქართველო ყოფილიყო ტესტ-ქვეყანა C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციისთვის. საქართველო შეირჩა რამდენიმე კრიტერიუმებით: მოსახლეობაში პროცენტულად ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა, შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა და ქვეყნის მცირე ფართობი.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარტნიორები არიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი. პროგრამა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის"(Gilead Sciences) ხელშეწყობით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0