თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება მედიკამენტების განაწილების პროცესში არსებულ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
უწყება სწავლობს, რამდენად სწორად მოხდა ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების ჩამოწერა.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ შემთხვევაში გამოძიება პრევენციული ხასიათისაა.
„გამომდინარე იქიდან, რომ ამ წამალს დონაციის პრინციპით ვიღებთ, ასეთი მასშტაბის პროექტები ყოველთვის კონტროლდება საგამოძიებო თუ მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან. მაკონტროლებს და მაგალითად ჯანდაცვის სამინისტროს, მოქმედების ერთნაირი პროტოკოლი აქვს", — განაცხადა დავით სერგეენკომ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტო C ჰეპატიტის სამკურნალო იმ 2000 ადამიანისთვის განკუთვნილი მედიკამენტებით დაინტერესდა, რომლებსაც ვადა გაუვიდათ.
გამყრელიძის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად დაახლოებით 3 500 ადამიანის მკურნალობა იყო დაგეგმილი, თუმცა მიმდინარე წლის აპრილის თვეში სერვისით 1 000-მა პირმა ისარგებლა, რის გამოც მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა ვერ გაიხარჯა და მათ ვარგისობის ვადა გაუვიდა.
მისივე თქმით, მედიკამენტების ვარგისობის ვადის გასვლას ბიუჯეტისთვის ზიანი არ მიუყენებია, რადგან საქართველოს ის დონაციით გადაეცემა.
საქართველოს მთავრობა С ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს. ამისთვის ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-თან ათწლიანი შეთანხმებაა გაფორმებული, რომლის თანახმად, კომპანია ქვეყანას С ჰეპატიტის მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტებით ამარაგებს. პროგრამის ბენეფიციარებს უზრუნველყოფენ პრეპარატ „სოვალდით“.