თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა 2018 წლის 1 სეტემბერს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო წლებში საქართველოში ქალთა მიმართ დანაშაულისა და ოჯახური ძალადობის ოფიციალურად დარეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. შსს-ში აღნიშნავენ, რომ დარეგისტრირებული დანაშაულის ზრდა გამოწვეულია, ერთი მხრივ, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მასობრივი კამპანიით, რამაც გაზარდა სამართალდამცველ ორგანოებში მიმართვიანობის მაჩვენებელი, მეორე მხრივ კი, ადრე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, შემაკავებელი ორდერის გამოწერის პარალელურად იწყება გამოძიებაც.
ელექტრონული სამაჯური მოძალადე ქმრებისთვის და პენიტენციალური რეფორმის სხვა სიახლეები>>>
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა.
„რისკის შეფასების ინსტრუმენტი მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვისა და განმეორებითი ძალადობის პრევენციის მნიშვნელოვანი გარანტიაა", - ნათქვამია განცხადებაში.
ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის დეტალური წესები, რომლებიც დღემდე არ არსებობდა, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, არასამთავრობო სექტორთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საექსპერტო და ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავა.
„სამართალდამცველები ახალი ინსტრუმენტის, კერძოდ, სტრუქტურირებული კითხვარების საშუალებით ძალადობის ფაქტისა და მასში მონაწილე პირების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებასა და მოძალადისგან მოსალოდნელი რისკების უკეთ იდენტიფიცირებას მოახდენენ", - ნათქვამია განცხადებაში.
რისკის შეფასების ინსტრუმენტი არის საკითხების ჩამონათვალი, რომელიც გამომძიებელმა კონფლიქტის ადგილზე უნდა გაარკვიოს და, მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, შეაფასოს რისკი – მაღალია, საშუალო თუ დაბალი. თუ რისკი მაღალია, მოძალადის კონტროლი უფრო ინტენსიური იქნება.
როგორც შსს-ში აღნიშნავენ, მაღალი რისკის მატარებელი მოძალადეების ქცევის გასაკონტროლებლად წლის ბოლომდე ელექტრონული სამაჯურებიც დაინერგება.
მიმდინარე წლის მაისში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებები, რომელთა მიხედვით, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის გამო სასჯელი გამკაცრდა.
რატომ ძალადობენ მამაკაცები ქალებზე და რატომ ეგუებიან ამას ქალები>>>
გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციის შესახებ" („სტამბულის კონვენცია"). დოკუმენტი ითვალისწინებს პრევენციულ ზომებს, რომლებიც მიმართულია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას, ასევე ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა მომზადებას.
2017 წელს საქართველოში ოჯახური ძალადობის 2,1 ათასზე მეტი ფაქტი დარეგისტრირდა, რაც 58%-ით მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით.
2018 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევები 2017 წლის მთლიან მაჩვენებელს უტოლდება. კერძოდ, გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2 804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა — 1 933 პირის მიმართ. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის ექვს თვეში დაკავებულია 1 328 პირი.
რაც შეეხება მსხვერპლთა დაცვის მიზნით გამოცემულ შემაკავებელ ორდერებს, 2018 წლის ექვს თვეში გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 3292-ს უტოლდება, რაც ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემებს.