თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. „ბათუმობა 2018“-ის ფარგლებში ბათუმს კიდევ ერთი დაძმობილებული ქალაქი, უმანი შეემატა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ბათუმსა და უკრაინის ქალაქ უმანს შორის დამეგობრების შესახებ შეთანხმებას ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და უმანის მერმა ალექსანდრ ცებრიმ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის ხელშეწყობას ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, სპორტის, სოციალური და გარემოს დაცვის სფეროებში.
„ბათუმობასთან“ დაკავშირებით აჭარას ბათუმთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების დელეგაციები ეწვივნენ. ბათუმში სტუმრად იმყოფებიან უკრაინის, ლატვიის, სომხეთის, ბელარუსის, პოლონეთისა და რუმინეთის მუნიციპალიტეტების მერები და წარმომადგენლები.
წელს ბათუმელები ბათუმის ქალაქად გამოცხადების 130 წლის იუბილეს ზეიმობენ, ამიტომ პროექტის ავტორების — ბათუმის მერიის თანამშრომლების ჩანაფიქრით ღონისძიების სტუმრები XIX საუკუნის გაცოცხლებულ ქალაქში აღმოჩნდნენ.
დროში მოგზაურობა: „ბათუმობა 2018" სტუმრებს სიურპრიზებს ჰპირდება >>
დღის განმავლობაში არაერთი შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება გაიმართა. გარდა ამისა „ბათუმობასთან“ დაკავშირებით საპატიო ბათუმელები დააჯილდოეს. საპატიო ბათუმელის წოდება სამმა, ხოლო ბათუმის საპატიო მოქალაქეობის წოდება ერთმა მიიღო. დღესასწაული 20:00 საათზე პიაცას მოედანზე ადგილობრივი და მოწვეული მომღერლების მონაწილეობით გამართული კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდება.