თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ბათუმში 1 სექტემბერს „ბათუმობა 2018"-ს აღნიშნავენ, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
წელს ბათუმელები ბათუმის ქალაქად გამოცხადების 130 წლის იუბილეს ზეიმობენ, ამიტომ პროექტის ავტორების — ბათუმის მერიის თანამშრომლების ჩანაფიქრით ღონისძიების სტუმრები XIX საუკუნის გაცოცხლებულ ქალაქში აღმოჩნდებიან.
ქალაქში გაჩნდება იმ დროისთვის დამახასიათებელი აბრები, აფიშები და ა.შ. ღონისძიება, რომლის გაფორმებაზეც რეჟისორი ოთარ ქათამაძე მუშაობდა, ჩატარდება დევიზით „იმოგზაურე დროში".
„ბათუმობა 2018"-ის ღონისძიებები ბათუმის ისტორიულ ნაწილში — ძელ ბათუმში გაიმართება. კერძოდ, ზვიად გამსახურდიას, ვახტანგ გორგასლის, ფარნავაზ მეფის, ნოე ჟორდანიას, ხულოსა და მაზნიაშვილის ქუჩებზე.
სწორედ ამ ლოკაციებზე 14:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში დაგეგმილია გრანდიოზული თეატრალური წარმოდგენები, კოსტიუმირებული მსვლელობები, კონცერტები, ასევე გამოფენები, ბაზრობები და ა.შ.
დღესასწაული 20:00 საათზე პიაცას მოედანზე ადგილობრივი და მოწვეული მომღერლების მონაწილეობით გამართული კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდება.
გარდა ამისა, „ბათუმობა 2018"-ის ფარგლებში „საპატიო ბათუმელის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. წელს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით ათიდან სამ კანდიდატს შეარჩევს.