კობახიძე: ბინადრობის ნებართვაზე შესაბამის ცვლილებებს საშემოდგომო სესიაზე განვიხილავთ

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 83 ათასზე მეტი მიგრანტი იმყოფება. მათგან უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა (9,7 ათასი ადამიანი), შემდეგ მოდიან თურქეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემის წესთან დაკავშირებით განსახორციელებელ ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ საკანონმდებლო ორგანოს ბინადრობის უფლების მოპოვების გამკაცრების მიზნით შესაბამის კანონში ცვლილებების უმოკლეს ვადაში შეტანის წინადადებით დღეს მიმართა.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებები მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებმა გოჩა ენუქიძემ და ილია წულაიამ მოამზადეს. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
უცხოელებს ბინადრობის უფლების მისაღებად 100 ათასი დოლარის ქონების შეძენა მოუწევთ

მოქმედი კანონმდებლობით, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35 ათასი აშშ დოლარს. 

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის შესაბამისადაც უცხოეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად 35 ათასი დოლარის ნაცვლად საჭირო იქნება 100 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონების შეძენა. 

„მინდა გამოვეხმაურო თბილისის მერის კახი კალაძის დღევანდელ განცხადებას უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესის რეგლამენტაციის შესახებ. ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე

კობახიძის განმარტებით, აუცილებლად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციის გზით ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას ქმნის. ამავდროულად საქართველო დარჩება ღია უცხოელებისთვის, რომლებსაც სურთ კანონმდებლობის დაცვით ქვეყანაში იცხოვრონ და საინვესტიციო საქმიანობა აწარმოონ. 

„ამ რეგულაციების თანახმად, კანონის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 ათასი დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის იღებს ერთწლიან ბინადრობის უფლებას, მაგრამ თუ ამ საკუთრებას გადასცემს სხვა უცხოელს, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი უძრავი ქონებით შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით ბინადრობის მოწმობების გაცემა უცხოელებისთვის", – განაცხადა კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე. 

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
საქართველოში ცხოვრების უფლების ნებართვის მიღება შეიძლება გართულდეს

რაც შეეხება ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების მიღებას, როგორც კალაძემ განმარტა, დღეს მოქმედი წესით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე განახორციელებს 300 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციას, მას ენიჭება განუსაზღვრელი ვადით ბინადრობის უფლება. იგი ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების მიღების შესახებ კანონის გამკაცრებასაც ითხოვს.

„ჩვენი ინიციატივაა, 300 ათასი ლარი შეიცვალოს 300 ათასი აშშ დოლარით და მუდმივი ბინადრობის უფლება შეიცვალოს ხუთწლიანი ბინადრობის უფლებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

საქართველოში უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის წესის შეცვლასა და გართულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი, ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში.

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 83 ათასზე მეტი მიგრანტი იმყოფება. მათგან უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა (9,7 ათასი ადამიანი). შემდეგ მოდიან თურქეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

ყველა ახალი ამბავი
0