უცხოელებს ბინადრობის უფლების მისაღებად 100 ათასი დოლარის ქონების შეძენა მოუწევთ

© FB / Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერის განცხადებით, კანონი საქართველოს ინტერესებთან უნდა იყოს შესაბამისობაში.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბინადრობის უფლების მისაღებად, შესაძლოა, 35 ათასი დოლარის ნაცვლად 100 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონების შეძენა მოუწიოთ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მოქმედი კანონმდებლობით, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. 

კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მას არაფერი აქვს საწინააღმდეგო საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლის და მათ მიერ ეკონომიკური საქმიანობის წარმოების მიმართ, კანონი უნდა იყოს საქართველოს ინტერესებთან შესაბამისობაში.

„ამ რეგულაციების მიხედვით, კანონის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 ათასი დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის იღებს ერთწლიანი ბინადრობის უფლებას, მაგრამ თუ ამ საკუთრებას გადასცემს სხვა უცხოელს, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი უძრავი ქონებით შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით ბინადრობის მოწმობების გაცემა უცხოელებისთვის. ანუ ატრიალებენ ე.წ. კარუსელს", – განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, ამ თემაზე ის უკვე ესაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და პარლამენტის წევრ ილია წულაიას, და უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად საჭირო იქნება 100 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონების შეძენა. 

  • „ასევე, იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელმაც მიიღო ერთწლიანი ბინადრობის უფლება, გაასხვისებს ან გადასცემს სხვას თავის ქონებას, იგი დაკარგავს ბინადრობის უფლებას. ანუ შეუძლებელი იქნება ერთი უძრავი ქონებით სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება", – განაცხადა კალაძემ. 

თბილისის მერმა ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების მიღების შესახებ კანონის გამკაცრებაზეც ისაუბრა. მოქმედი კანონმდებლობით, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიცია "საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვა ასევე გაიცემა მისი ოჯახის წევრებზეც. ოჯახის წევრებად მიიჩნევიან: უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი.

კუს ტბა - Sputnik საქართველო
კალაძემ კუს ტბის მიდამოებში სასტუმროს აშენება აკრძალა

„ჩვენი ინიციატივაა – 300 ათასი ლარი შეიცვალოს 300 ათასი აშშ დოლარით და მუდმივი ბინადრობის უფლება შეიცვალოს ხუთწლიანი ბინადრობის უფლებით. ამის თაობაზე კანონპროექტი ინიცირებულია და მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ მას, რათა დროულად დამტკიცდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოში უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის წესის შეცვლასა და გართულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი, ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში.

 

ყველა ახალი ამბავი
0