ნარკოტიკების გასაღება Echowaves-ზე - ირანის მოქალაქეებს პატიმრობა შეეფარდა

გამოწერა
პოლიცია ამტკიცებს, რომ ირანის მოქალაქეები ასაღებდნენ ნარკოტიკებს ანაკლიის იმ ტერიტორიაზე, სადაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves იმართებოდა

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა პატიმრობა ირანის სამ მოქალაქეს, რომლებიც განმუხურში ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ირანის მოქალაქეები 26 აგვისტოს დააკავეს. პოლიციის მტკიცებით, ისინი ასაღებდნენ ნარკოტიკებს ანაკლიის იმ ტერიტორიაზე, სადაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves იმართებოდა.

სამედიცინო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
ანაკლიის ფესტივალის შედეგები: რამდენ ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება

პროკურატურის მასალებიდან ირკვევა, რომ ირანის სამი მოქალაქიდან ორმა შეიძინა MDMA-ს შემცველი 0,2 გრამი ფხვნილი და გრანულები, შემდეგ კი 350 ლარად ფესტივალის ერთ-ერთ მონაწილეს მიჰყიდეს.

რაც შეეხება ირანის მესამე მოქალაქეს, მან, გამოძიების ვერსიით, შეიძინა 0,02 გრამი მეტამფეტამინი და 280 ლარად Echowaves-ის ერთ-ერთ სტუმარს მიჰყიდა.

ირანის ორი მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მუხლით „დიდი ოდენობით პირთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება“, რაც 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ანაკლიის ფესტივალზე ნარკოტიკების გასაღებისთვის დაკავებულთა რაოდენობა იზრდება >>

ირანის მესამე მოქალაქეს ბრალად ედება „დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება“, რაც ასევე 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმეს შსს იძიებს.

ორშაბათს შსს იუწყებოდა, რომ ბოლო კვირაში განმუხურში უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დააკავეს 22 ადამიანი, საიდანაც ხუთი ირანის მოქალაქეებია.

ორშაბათს გახდა ცნობილი, რომ თბილისის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ირანის კიდევ ორ მოქალაქეს, რომლებიც ნარკოტიკების გასაღებით დააკავეს.


ყველა ახალი ამბავი
0