თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. უშგულის კოშკიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას ამ ეტაპზე ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება, პირველი არხის ეთერში განაცხადა ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა ლიკა ჯაჯანიძემ.
„პაციენტი უშგულიდან ვერტმფრენით ჩამოიყვანეს. მამაკაცს კლინიკაში ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური კვლევა და კონსულტაციები. ამ ეტაპზე, მას ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება, სტაციონარის ნეიროქირურგიულ განყოფილებაში შემდგომი მკურნალობისთვის მოთავსდება“, – აცხადებს ექიმი.
დაშავებულის ახლობლების ინფორმაციით, მას სავარაუდოდ ხერხემლის მალები აქვს დაზიანებული.
მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი დაახლოებით 20-25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნა.
როგორც დაშავებულის ახლობლები ამბობენ, შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ კოშკიდან ერთ-ერთი ქვის ჩამოშლა გახდა, რის შედეგადაც ახალგაზრდას ფეხი დაუცდა და გადმოვარდა.
19 წლის ახალგაზრდა უშგულში კოშკიდან დღეს გადმოვარდა. დაშავებული ახალგაზრდა თბილისში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს.