თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„რა თქმა უნდა, გერმანია მხარს გიჭერთ და მხარს დაგიჭერთ. სწორედ ამიტომ ვარ აქ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი: ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, გაფართოება, გამსხვილება. ჯერჯერობით, ჩვენ იმ ინსტრუმენტების გაფართოებაზე ვმუშაობთ, რაც არსებობს და ჩემი ვიზიტი ხელს უწყობს, მაგალითად ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, საქართველოსა და გერმანიას სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა შეუძლიათ. საქართველოს შეუძლია, ევროკავშირში აგრარული პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს და გერმანიას შეუძლია ამაში დიდი წვლილის შეტანა.
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას. ეკონომიკური ზრდა ნამდვილად სახეზეა“, – განაცხადა მერკელმა.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, საქართველოში მისი ვიზიტის დროს დაახლოებით 199 მილიონი ევროს ღირებულების ორ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. მაგალითად, ფული გამოიყოფა გაზის საცავზე, წყლის მომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემებისთვის.
ანგელა მერკელის განცხადებით საქართველოსა და გერმანიას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვთ და საქართველო გერმანიისთვის ძალიან კარგი პარტნიორია.
„საქართველო ცალსახად არის უსაფრთხო ქვეყანა. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, ძალიან მალე, ბევრი თავშესაფრის მაძიებელი ჩამოვიდა საქართველოდან. შემდეგ კი მათი რაოდენობა შემცირდა“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.