თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველო მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს გერმანიის მიერ გაცხადებული ევროპის ახალი აღმოსავლური პოლიტიკის შემუშავების პროცესში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ინტერესი და მისწრაფება, რომ მაქსიმალურად განავითარონ ახალი და ამავე დროს, შექმნან და კიდევ უფრო განამტკიცონ არსებული ურთიერთობები. უკვე მივაღწიეთ პარტნიორობის ისეთ სტანდარტებს, როდესაც შეგვიძლია ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით თვისობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ ეს თანამშრომლობა“, — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ანგელა მერკელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, ანგელა მერკელთან იმ მნიშვნელოვან მიღწევებზეც იყო საუბარი, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით აქვს. ესენია: ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაცია, უვიზო რეჟიმით სარგებლობა, ენერგეტიკულ კავშირში გაწევრიანება, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაღრმავება, უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის დაწყება და საერთო გამოწვევებთან ბრძოლა. ყოველივე ეს კი მყარ საფუძველს უქმნის სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
„ამ კონტექსტში ქალბატონ მერკელს გავაცანით საქართველოს მთავრობის ინიციატივა — საგზაო რუკა, რომელიც ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად“, — აღნიშნა ბახტაძემ.
მისი თქმით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, ადეკვატურად აისახა ნატო-ს 2018 წლის სამიტის დეკლარაციაში.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება ქვეყანაში ყველა გერმანული კომპანიის საქმიანობას და სურვილი აქვს, მეტად აითვისოს ორმხრივი თანამშრომლობის ეკონომიკური პოტენციალი.
„საქართველოს აქვს პოტენციალი, იქცეს კარიბჭედ და რეგიონალურ ჰაბად იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ გასასვლელი ზღვაზე. აქედან გამომდინარე, ეს არის გერმანული კომპანიებისთვის მართლაც უნიკალური საშუალება და პერსპექტივა, რომ გაზარდონ ვაჭრობა არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ გაზარდონ ვაჭრობა ზოგადად, ჩვენს რეგიონთან“, — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბახტაძის თქმით, , გერმანული კომპანიების წარმომადგენლების კანცლერთან ერთად საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ინტერესი საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და შესაძლებლობების მიმართ სულ უფრო მეტად იზრდება.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობასაც გაუსვა ხაზი და ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მოუთმენლად ველით მიმდინარე წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობას, სადაც საქართველო იქნება წარმოდგენილი როგორც საპატიო სტუმარი. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა გერმანული საზოგადოებისთვის, რომ უკეთ გაიცნოს ევროპული ფესვების მქონე, მდიდარი და მრავალფეროვანი ქართული კულტურა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ჩამოვიდა. ამ დროისათვის ის ქვეყნის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ხვდება.