თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. გერმანიის კანცლერის ოფიციალური ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენთვის ფასდაუდებელია თქვენი და გერმანიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ, ისევე როგორც ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ერის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, — აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოსთვის საამაყოა, რომ ის გერმანიისთვის ერთგული და საიმედო პარტნიორია.
„გერმანელი და ქართველი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობა ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ჩვენი მხარდამხარ დგომასა და ურთიერთმხარდაჭერის თვალსაჩინო მაგალითია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველომ წარმატებით გაიარა დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოების გზა. მისი ევროპული არჩევანი კი, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ცივილიზაციური არჩევანია.
მამუკა ბახტაძის თქმით, გერმანიის კანცლერთან საქართველოში არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივებზეც ისაუბრა.
„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ერთგული მოკავშირის – გერმანიის მხარდაჭერა. რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, დღეს სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები ფაქტობრივად ანექსირებულია, რაც კიდევ უფრო აუარესებს ადგილზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობას“, – აღნიშნა პრემიერმინიტრმა.
მისი განცხადებით, საქართველოს პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მხოლოდ მშვიდობა, განვითარება და ევროპული დემოკრატიის მშენებლობა, სადაც ყველა ადამიანისა თუ საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფის ყველა ინტერესი იქნება დაცული, სადაც ყველა მოქალაქე შეძლებს თავის შესაძლებლობებისა და ნიჭის ღირსეულ რეალიზაციას.
მისივე თქმით, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას ადასტურებს კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ასევე, საქართველოს მხრიდან გადადგმულია შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მიზნით.
„პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე, ბუნებრივია, ჩვენი ძალისხმევა ვერ იქნება ეფექტიანი. ამ მხრივ, გერმანია გამორჩეულ როლს თამაშობს და, დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 23 აგვისტოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, კანცლერმა პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართა,