ნამახვანიჰესის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება

© photo: Giorgi Kvirikashvili / FBჰიდროელექტროსადგური
ჰიდროელექტროსადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობა ათობით მსხვილი და მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხს განიხილავს.

თბილისი,  23 აგვისტო — Sputnik. ნამახვანის ჰესების კასკადი ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საკითხის დარეგულირების კუთხით, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს განცხადებაში.  

„ყველა პროექტი, მათ შორის, ნამახვანიც განხორციელდება ისე, რომ პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც გარემოზე ზემოქმედების, ასევე ენერგორესურსების ეფექტურად ათვისების მიმართულებით“, — აღნიშნულია სამინსიტროს განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, ნამახვანის ჰესების კასკადი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება არა მხოლოდ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, მისი უწყვეტი ენერგომომარაგებისა და საიმედოობისთვის, არამედ იგი ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ტურიზმის განვითარებას და სხვ. 

მდინარე რიონი - Sputnik საქართველო
კონკურსი ნამახვან ჰესების კასკადის პროექტზე ივლისამდე გაგრძელდება

„ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ პროექტზე მუშაობა წარიმართოს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, რათა შედეგად მივიღოთ ობიექტი, რომელიც ერთიანად ხელსაყრელი იქნება მთელი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის“, —ნათქვამია განცხადებაში.

ნამახვან ჰესების კასკადის პროექტი წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდინარე რიონზე უნდა განხორციელდეს.

აღსანიშნავია, რომ მდინარე რიონის ხეობის მცხოვრებლებმა აგვისტოს დასაწყისში ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში საპროტესტო აქცია გამართეს და ტვიშიჰესისა და ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. ადგილობრივები ირწმუნებოდნენ, რომ პროექტები გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინების გარეშე დაიგეგმა და ამიტომ მისი განხორციელების შემთხვევაში, სოფლებში მიკროკლიმატი შეიცვლება. 

შუახევიჰესის ტერიტორია - Sputnik საქართველო
რატომ აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა ტვიშში ჰესების მშენებლობას

გარდა ამისა, მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ჰესების მშენებლობის შედეგად ხეობაში მეწყრული პროცესებიც გააქტიურდება. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.  

სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშულია, რომ ენერგეტიკა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია და მის გამართულ ფუნქციონირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოში ეკონომიკის განვითარების პარალელურად, იზრდება ენერგომოხმარებაც — ოფიციალური სტატისტიკით, ელექტროენერგიის ყოველწლიური მოხმარება დაახლოებით 4,5 პროცენტით მატულობს. 

სამინიტროში აღნიშნავენ, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი ენერგეტიკული გენერაციის ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს უწყვეტ ენერგომომარაგებას და განაპირობებენ ქვეყნის  შემდგომ ეკონომიკურ წინსვლას. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა განიხილავს ათობით მსხვილი და მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხს, რისთვისაც მოზიდულ უნდა იქნას საერთაშორისო ინვესტიციები.

 

ყველა ახალი ამბავი
0