რა სიახლეებს სთავაზობს საქართველოს მთავრობა მაღალმთიან სოფლებს

გამოწერა
მთის განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას რეგიონული განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია მოხდება, მაღალმთიან სოფლებში პარამედიკოსების პროგრამა განხორციელდება, ხოლო 100-ზე მეტი უშუქო სოფელი ელექტროენერგიას მიიღებს, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაციისთვის თანხა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გამოიყოფა.

ჯანდაცვის სამინისტრო განახორციელებს პარამედიკოსების პროგრამას — მთაში მცხოვრებთა ტრენინგს პირველადი დახმარების კუთხით, რაც ადგილობრივებს საშუალებას მისცემს, პირველადი დახმარება თანასოფლელებს სასწრაფო დახმარების მისვლამდე გაუწიონ.

თუშეთი - Sputnik საქართველო
თუშეთის სოფლებს ზამთარში ინტერნეტი უფასოდ მიეწოდება

ასევე განიხილება საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი დაფინანსებით მზის პანელებითა და შესაბამისად, ელექტროენერგიით 100-ზე მეტი სოფლის უზრუნველყოფა. საუბარია 400-მდე ოჯახზე, რომლებსაც ელექტროენერგია დღემდე არ მიეწოდება.

ეს გადაწყვეტილებები მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიღწევებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სწორედ მთის განვითარების პროექტს უჭირავს.

„ჩვენი ოპონენტებისგან ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია არასერიოზული არგუმენტები, რომ თითქოს, ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც გაჭირდება მოსახლეობის დამკვიდრება ადგილზე. რა თქმა უნდა, ეს რეალობას არ შეესაბამება“, — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ინკლუზიური განვითარების სტრატეგიაზე მუშაობისას მან კარგად შეისწავლა ავსტრიის მაგალითი, სადაც 50 წლის წინ მსგავსი არგუმენტებიც ჰქონდათ ამ იდეის ოპონენტებს, დღეს კი ავსტრიის განვითარების დონეს ყველა კარგად ხედავს.

პრემიერ-მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ ინკლუზიური ზრდის სტრატეგიის ფარგლებში მთავრობას ექნება ახალი ინიციატივები, მათ შორის, საგადასახადო ნაწილში, თუმცა ამ კუთხითაც ისევე, როგორც ბევრი სხვა მიმართულებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ადგილიდან წამოსულ ინიციატივებსაც.

გიორგი აბაშიშვილი - Sputnik საქართველო
პროექტი „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ დასრულებულია

მამუკა ბახტაძემ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა.

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2019-2023“-ის პროექტის ძირითადი კომპონენტები.

სტრატეგიას, სამოქმედო გეგმასთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეიმუშავებს.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს მაღალმთიან დასახლებებში 2018-2019 წლებში განსახორციელებელ პროგრამებზე, მათ შორის ტყის განვითარებისა და ტყის ტურიზმის მიმართულებით.

კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს ხელისუფლებამ 2015 წელს მიიღო. დღეისათვის, მაღალმთიანი დასახლების სტატუსით 1 730 დასახლება, კანონით დადგენილი შეღავათებით კი 330 ათასი ადამიანი სარგებლობს.

ყველა ახალი ამბავი
0