თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. პროექტი „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ დასრულდა. შემაჯამებელ შეხვედრას ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დაესწრო.
პროექტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით საბიბლიოთეკო ასოციაციამ განახორციელა, მიზნად ისახავდა საქართველოს მასშტაბით სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას, ბიბლიოთეკარების გადამზადებასა და ტრენინგებს, ბიბლიოთეკების შესაძლებლობების გაზრდას და მათ ბაზაზე კულტურული კერების ჩამოყალიბებას, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე კახეთის რეგიონის 48 ბიბლიოთეკას მოიცავდა, შემდგომ ეტაპზე პროექტში მონაწილეობისათვის შეირჩა 70 ბიბლიოთეკა, რომელთა მეშვეობითაც მოხდა სოფლის მოსახლეობისათვის სახელმწიფო ელექტრონული სერვისების მიწოდება და დისტანციური სწავლების პროგრამის დანერგვა.
„პროექტი შეეხო სწორედ იმ სოფლებს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომის არანაირი საშუალება არ ჰქონდათ. დასაწყისისთვის ჩვენ მოვახერხეთ, რომ ასეთი ბიბლიოთეკებისთვის განგვეახლებინა წიგნის ფონდი, ხოლო შემდეგ განხორციელდა ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაცია“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მისი თქმით, ამ პროექტის წყალობით სოფლებში შეიქმნა კულტურულ–სადისკუსიო ცენტრები, სადაც ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია შეიკრიბოს და მიიღოს არა მხოლოდ საბიბლიოთეკო მომსახურება, არამედ ასევე ისარგებლოს ელექტრონული სერვისებით.