იტალიაში გაიმართება ფესტივალი, რომელიც სვანეთს მიეძღვნება

გამოწერა
მსოფლიოში ცნობილი მთამსვლელის რაინჰოლდ მესნერის მიზანს ევროპაში სვანეთის კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენს

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. იტალიის ქალაქ ბრუნეკში მდებარე მთის მუზეუმში დღეს სვანეთისადმი მიძღვნილი „მთის ხალხის ფესტივალი“ გაიმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ფესტივალი სვანეთის კულტურას მიეძღვნება და მსოფლიოში ცნობილი მთამსვლელის რეინჰოლდ მესნერის მიერ დაარსებულ მთის მუზეუმებში მის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში - Sputnik საქართველო
მესტიის მუზეუმში ნაქარგობის უნიკალური ნიმუშების გამოფენა მიმდინარეობს

ფესტივალზე მოეწყობა სვანური ფოლკლორის საღამო, გამოიფინება ხელნაკეთი სუვენირები და სტუმრებს სვანური კერძების დაგემოვნება შეეძლებათ.

მესნერის მიწვევით ბრუნეკში მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იმყოფებიან. ფესტივალში მონაწილეობს ქართული ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“.

ქალაქ ბრუნეკში, რესტავრირებულ ციხესიმაგრეში განთავსებული მთის მუზეუმი რეინჰოლდ მესნერმა 2011 წელს გახსნა.

მესნერმა მიმდინარე წლის მაისში სპეციალური ვიზიტით სვანეთი მოინახულა და „კავკასიის მთის ცენტრის“ მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა. ცნობილმა მთამსვლელმა „კავკასიის მთის ცენტრის“ შექმნის შესახებ გადაწყვეტილება 2017 წლის ივლისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. მესნერი, წლებია, იტალიის ალპებში მთის მუზეუმების ქსელს ავითარებს და „კავკასიის მთის ცენტრი“ სწორედ, ამ ქსელის შემადგენელი ნაწილი იქნება.

მესტიაში „კავკასიის მთის ცენტრი“ აშენდება >>

მსოფლიოში პირველი მთამსვლელი რეინჰოლდ მესნერი, რომელმაც 1980 წელს ევერესტი ჟანგბადის აპარატის გარეშე დაიპყრო და დალაშქრა თოთხმეტივე 8000-მეტრიანი მწვერვალი, კახეთის გარდა სვანეთს, თუშეთსა და ყაზბეგს ეწვევა.

რეინჰოლდ მესნერმა ურთულესი ასვლების განხორციელება 13 წლის ასაკიდან დაიწყო. ამ პერიოდში იგი, თავის 11 წლის ძმასთან ერთად, ევროპის საუკეთესო მთამსვლელებში შედიოდა. მესნერი პირველია, რომელმაც მარტომ გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლანდია და გობის უდაბნო. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი წიგნი, რომლებშიც თავის მოგზაურობასა და თავგადასავლებს აღწერს. 1999-2004 წლებში იგი ასევე იყო ევროპარლამენტის წევრი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0