თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ავიაკომპანია შპს „ჯორჯიან ეარვეისი“, რომელმაც შშმ პირი ეტლით არ უზრუნველყო, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააჯარიმა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, კომპანიამ დაარღვია ბრძანება „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის შესახებ“.
აღნიშნული ბრძანება გულისხმობს ავიაკომპანიის მიერ აეროპორტის ოპერატორისათვის ინფორმაციის მიწოდებას შშმ პირის მომსახურებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე არ არის ავიაკომპანიის წინასწარი შეტყობინება და მგზავრი უშუალოდ გაფრენისას განაცხადებს მისთვის სპეციალური მომსახურების საჭიროების თაობაზე.
მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. მის ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ეტლით სარგებლობისთვის საჭირო იყო წინასწარი გაფრთხილება 72 საათით ადრე. ვინაიდან მოქალაქის გამგზავრება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო მცირე დროით ადრე დაიგეგმა, აეროპორტში რეგისტრაციის გავლისას, მან კომპანიის წარმომადგენლისგან ეტლის გამოყოფაზე უარი მიიღო, სხვა თანამშრომელმა კი მას 104 ევროს გადახდა მოსთხოვა. ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე საფასურის შესახებ არ იყო მითითებული. შშმ პირი იძულებული გახდა ფეხით გადაადგილებულიყო, რამაც ჭრილობიდან სისხლდენა გამოიწვია.
ომბუდსმენის განმარტებით, აღნიშნული პირისთვის ეტლით მომსახურების დამატებითი ხარჯების მოთხოვნით, კომპანიამ ის სხვა მგზავრებთან შედარებით, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენა.
სახალხო დამცველმა შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ რეკომენდაციით მიმართა, ვებ-გვერდზე დეტალურად გაწეროს შეზღუდული შესაძლებლობის და მობილობის მქონე მგზავრების უფლებები; ასევე, უზრუნველყოს საკუთარი პერსონალისთვის შეზღუდული შესაძლებლობის და მობილობის მქონე პირების სპეციფიური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
Georgian Airways-ის წინამორბედი ავიაკომპანია Airzena 1993 წელს შეიქმნა. თავიდან ის ჩარტერულ რეისებს ახორციელებდა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის იტალიის, ეგვიპტის, ინდოეთის მიმართულებით, გარდა ამისა, რეგულარულ ავიარეისებს – ავსტრიაში. 1999 წელს კი ავიაკომპანია საქართველოს ეროვნული გადამზიდავი გახდა. 2004 წელს ავიაკომპანიას „Georgian Airways — საქართველოს ავიახაზები" ეწოდა, თუმცა დასახელება Airzena მოკლე საფირმო ნიშნის სახით დღემდე ფართოდ გამოიყენება.