ინციდენტი კოჯრის სამხედრო ბაზაზე: სერჟანტთა აკადემიის ხელმძღვანელობა გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა დაკავებული თანამდებობები დაკარგეს.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. კოჯრის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებს შორის მომხდარი ინციდენტის გამო, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სერჟანტთა აკადემიიდან ხუთი თანამდებობის პირი გაათავისუფლეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ დაასრულა გადამზადება - Sputnik საქართველო
ქართველმა სამხედროებმა გადამზადების კურსი გაიარეს

თანამდებობიდან გათავისუფლდნენ აკადემიის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზ.ზ., აკადემიის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გ. ბ., საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მეთაური მაიორი ა. რ., ასეულის მეთაურის მოადგილე უფროსი ლეიტენანტი ვ. მ. და ასეულის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი სერჟანტი ა.გ., ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინციდენტი კოჯრის სამხედრო ბაზაზე: დაჭრილია ოთხი ჯარისკაცი>>>

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს შორის. დაშავდა ხუთი სამხედრო მოსამსახურე, მათგან სამს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მგვიანებით გაირკვა, რომ დანა სამსახურებრივი არ იყო. უფრო კონკრეტულად, იგი აკადემიის ტერიტორიაზე ვიღაცამ უკანონოდ შეიტანა.

 „სერჟანტთა აკადემიის ტერიტორიის და მასზე განლაგებული ობიექტების დაცვას უზრუნველყოფს სერჟანტთა აკადემიის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეული. შესაბამისად, ობიექტის დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელნი არიან სერჟანტთა აკადემიის შესაბამისი ხელმძღვანელი თანამდებობის პირები", — ნათქვამია განცხადებაში.

დაშავებულებიდან სამი საავადმყოფოში რჩება, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. პოლიციელებმა უკვე დაკითხეს როგორც ინციდენტში მონაწილე პირები, ისე თვითმხილველები. კრიმინალისტებმა ჩხუბში მონაწილე ყველა ჯარისკაცის ტანსაცმელი ექსპერტიზაზე უკვე გააგზავნეს.

სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეტას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0