თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ბოლო წლებში აივ-ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია აღინიშნება, ნათქვამია ინფექციური პათოლოგის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საქართველოში ბავშვები აივ-ინფექციით აღარ იბადებიან>>>
ცენტრის ცნობით, 2018 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით, აივ-ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შარშან ამავე პერიოდში კი 359 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
„1989 წლიდან 2018 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში სულ 7159 აივ-ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათ შორის, 5 355 მამაკაცია და 1804 ქალი. შიდსი განუვითარდა 3782 პაციენტს. 1460 პაციენტი გარდაიცვალა", — ნათქვამია განცხადებაში.
ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა თბილისში (2 608), შემდეგ მოდის სამეგრელო (909), იმერეთი (894), აჭარა (809), კახეთი (345) და ა.შ. პაციენტების ასაკი, ძირითადად, 29–დან 39 წლამდეა.
საქართველოში სულ გამოვლენილია 106 აივ-ინფიცირებული ბავშვი, მათგან 66 არის ბიჭი და 40 გოგო.
აივ-ინფიცირების ძირითადი მიზეზი კვლავ ნარკოტიკების ინექციის გზით მიღება (40,8 %) და სქესობრივი კონტაქტებია (458%).
ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სინამდვილეში საქართველოში დაახლოებით 11 000 აივ-ინფიცირებული პირია.
საქართველოში აივ-დაინფიცირების პირველი შემთხვევა 1989 წელს დაფიქსირდა. ათი წლის შემდეგ, 1999 წელს, ახალი პაციენტების რიცხვი 35-ს შეადგენდა, კიდევ ათ წელში — 344-ს. აივ-დაინფიცირების დარეგისტრირებული შემთხვევების ყველაზე მაღალი ზრდა 2015 და 2016 წლებში დაფიქსირდა — 700-ზე მეტი ახალი შემთხვევა.
აივ — ესაა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის აბრევიატურა. ვირუსი ანადგურებს იმუნურ სისტემას. აივ-ვირუსი ცხოვრობს და მრავლდება მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში. ვირუსი თანდათან ანადგურებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციებისადმი. გარკვეულ მომენტში ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი იმდენად მცირდება, რომ ადამიანი შეიძლება დაავადდეს ისეთი ინფექციური დაავადებებით, რომლებითაც ადამიანები საერთოდ არ ან ძალიან იშვიათად ავადდებიან.