საქართველოში ბავშვები აივ-ინფექციით აღარ იბადებიან

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშიჩვილი
ჩვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო 2018 წლიდან აივ-ინფიცირებულების მკურნალობას სრულად დააფინანსებს.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში არ დაფიქსირებულა აივ-ინფექციით ბავშვის დაბადების შემთხვევა, აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის განცხადებაში მის Facebook-გვერდზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით, აივ-ინფექციის გადაცემა დედიდან ბავშვზე 100 ათას შემთხვევაზე 50-ს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოში აივ-ინფექცია/შიდსის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაცია შესრულებულია.

"საქართველოში ბოლო ათი წელია არც ერთ ცალკე აღებულ წელს აივ-ინფიცირებულ ახალშობილთა რიცხვი (100 ათას ახალშობილზე გადაანგარიშებით) 4-ზე მეტი არ ყოფილა, ხოლო ბოლო ორი წელიწადია საერთოდ არც ერთი აივ-ინფიცირებული ახალშობილი არ დაბადებულა. შესაბამისად, ეს ინდიკატორი მთლიანად შესრულებულია", — ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

ანალიზები შიდსის დასადგენად - Sputnik საქართველო
შიდსით დაავადებულთა მკურნალობას 2018 წლიდან სახელმწიფო დააფინანსებს

2007 წლიდან აივ-ინფიცირებულმა 300-მა ორსულმა გაიარა გამოკვლევა და მკურნალობა სახელმწიფო პროგრამით. შედეგად, მათ მიერ დაბადებული არც ერთი ბავშვი ინფიცირებული არ ყოფილა, ყველა ჯანმრთელია.

ამჟამად საქართველოში აივ-ინფექციის არსებობის გამოკვლევა ორსულებისთვის უფასოა. ცენტრში აღნიშნავენ, რომ ამ კუთხით კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

"ცენტრის თანამშრომელთა და აივ/შიდსით ინფიცირებულთა შორის ათეული წლების მანძილზე ჩამოყალიბდა განსაკუთრებული ურთიერთობა. აივ-ინფიცირებული ჩვენთვის მხოლოდ პაციენტი არ არის, ის ახლობელი ადამიანია, ჩვენი ოჯახის წევრია. ჩვენ შორის უდიდესი სითბო და სიყვარულია", — აღნიშნავენ ცენტრში.

საქართველო ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში და ერთადერთი აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც უკლებლივ ყველა აივ-ინფიცირებული (CD4 ლიმფოციტების და სტადიისგან დამოუკიდებლად), მათ შორის ორსული, იღებს მკურნალობას, რის შედეგადაც აივ/შიდსით ავადმყოფთა გადარჩენის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

საქართველოში აივ/შიდსით ინფიცირებული ავადმყოფები არა მარტო დიდხანს ცოცხლობენ, არამედ სრულფასოვნად არიან ინტეგრირებული ყოველდღიურ ყოფაში ცხოვრების მაღალი ხარისხით. აივ-ინფიცირებულები ქორწინდებიან, აჩენენ ჯანმრთელ შვილებს და ბედნიერად ცხოვრობენ.

ფრედი მერკური - Sputnik საქართველო
ცნობილი პიროვნებები, რომლებიც შიდსის დაავადებამ შეიწირა

საქართველოში 2017 წლის დასაწყისიდან გამოვლინდა აივ-ინფექციის 433 ახალი შემთხვევა. 18 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 6 564 აივ-ინფიცირებული, აქედან 4 890 მამაკაცია, 1 674 — ქალი. პაციენტების ასაკი ძირითადად 29-დან 40 წლამდე მერყეობს.

2016 წელს საქართველოში აივ-ინფიცირების 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შიდსით დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. ყველაზე მეტი შემთხვევა (2 146) გამოვლინდა თბილისში, შემდეგ მოდიან სამეგრელო, იმერეთი, აჭარა და ა.შ. პაციენტების ასაკი, ძირითადად, 29-დან 40 წლამდეა.

აივ-ინფექციის პირველი გამოვლენიდან საქართველოში შიდსი განუვითარდა 3 507 ადამიანს, აქედან გარდაიცვალა 1 263.

წითელმა ბურთებმა შიდსით დაავადებულთა მხარდამჭერი წერილები ჰაერში აიტაცა - Sputnik საქართველო
წითელმა ბურთებმა შიდსით დაავადებულთა მხარდამჭერი წერილები ჰაერში აიტაცა

აივ-ინფიცირების ძირითადი მიზეზები კვლავ ნარკოტიკების ინექციის გზით მიღება და სქესობრივი კონტაქტებია.

2018 წლიდან საქართველოში აივ-ინფიცირებულთა მკურნალობას მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს. ჯერჯერობით ამას შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი აკეთებს.

აივ — ესაა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის აბრევიატურა. ვირუსი ანადგურებს იმუნურ სისტემას. აივ-ვირუსი ცხოვრობს და მრავლდება მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში. ვირუსი თანდათან ანადგურებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციებისადმი. გარკვეულ მომენტში ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი იმდენად მცირდება, რომ ადამიანი შეიძლება დაავადდეს ისეთი ინფექციური დაავადებებით, რომლებითაც ადამიანები საერთოდ არ ან ძალიან იშვიათად ავადდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0