თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს გამართულ სხდომაზე ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის" წევრების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რითიც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმის არსებითი განხილვა მაისში დასრულდა, გადაწყვეტილება კი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს, 30 ივლისს გამოაცხადა.
საუბარია მხოლოდ და მხოლოდ მარიხუანის მოხმარებაზე და არა კულტივაციასა და გაყიდვაზე.
საქართველოში მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობა არ გემუქრებათ>>>
მოსარჩელე მხარის განმარტებით, მარიხუანის მოხმარება არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ქმედებას. კერძოდ, მას შეუძლია ზიანი მიაყენოს მხოლოდ მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე. გარდა ამისა, დასახელებული ქმედება არ უქმნის რეალურ საფრთხეს სხვა რომელიმე ღირებულ საჯარო ინტერესს.
„მარიხუანის მოხმარების აკრძალვა მისი ბრუნვის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებაა და, შესაბამისად, ემსახურება მომხმარებლების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, ინდივიდუალური მომხმარებლის როლი მარიხუანას ბრუნვის ხელშეწყობაში არის ძალიან მცირე… აღნიშნულიდან გამომდინარე, მარიხუანის მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის ბლანკეტურად დაწესება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის დაცვის არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მოთხოვნებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მარიხუანის მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. სასამართლო პასუხისმგებლობის დაწესებას გამართლებულად მიიჩნევს მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი ექნება სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.
დღევანდელი მდგომარეობით, თუ პირს მარიხუანას უპოვიან და მის უკანონო შეძენას დაუმტკიცებენ, მაშინ სასჯელი გარდაუვალია. 5 გრამამდე გამხმარი და 10 გრამამდე ნედლი მარიხუანა – ეს ის რაოდენობაა, რომელიც განიხილება როგორც ნარკოტიკი პირადი მოხმარებისთვის და ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით.
საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა, რითიც დააკმაყოფილა პარტია „გირჩის“ წარმომადგენლის სარჩელი, რომელიც მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის გაუქმებასა და დეკრიმინალიზაციას მოითხოვდა.
საქართველოში ნარკოტიკების, მათ შორის, მარიხუანის რეალიზაცია ერთ-ერთ მძიმე დანაშაულად ითვლება.