თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. თბილისში, ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოზარდის დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში მოზარდი მიხეილ კალანდია მონაწილეობდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. მკვლელობის საქმეზე განაჩენი სასამართლომ 31 მაისს გამოიტანა. საქმესთან დაკავშირებით ჩხუბის ორი მონაწილე დააკავეს, ერთ-ერთი სასამართლომ დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ, მეორე — სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. შესაბამისად, ჯერ ისევ უცნობი რჩება, ვინ მოკლა სარალიძე.
„ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის საქმეზე მოზარდი დააკავეს">>
ტელეარხის ინფორმაციით, მიხეილ კალანდია ჩხუბის დროს სარალიძეს კუსტარულად დამზადებულ დანას ურტყამდა.
ახალი ვერსიის გავრცელებამდე განცხადებები გააკეთეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრებმა, რომლებიც მოზარდების მკვლელობის საქმეს ივნისიდან იძიებენ, მას შემდეგ, რაც ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა.
ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანის დაკითხვის შემდეგ, ხუთშაბათს კომისიის ზოგიერთმა წევრმა განაცხადა, რომ საქმეში გაჩნდა ახალი ვითარებები, რომელთა შესახებ შსს-ს უკვე აცნობეს, მაგრამ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისგან თავი შეიკავეს.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვიკავებთ თავს შინაარსის გასაჯაროებისგან და ველოდებით შსს-ს. ორიენტირებული ვართ შედეგზე და მნიშვნელოვანია, რომ შსს-მ სწრაფად მიიღოს ეს ინფორმაცია და შესაბამისად იმოქმედოს", — განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, კომისიის წევრმა ელენე ხოშტარიამ.
საგამოძიებო კომისიამ საქართველოს შსს-ს ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებისას გაუწია რეკომენდაცია კალანდიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის თაობაზე.
მოწმეთა ჩვენებები მეტყველებს იმაზე, რომ ჩხუბის დროს კალანდია იჭერდა სარალიძეს, სცემდა მას, ასევე მოწმემ დაინახა, როგორც დაარტყა მას დანა.
მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა საქმეში ახალი დეტალების შესახებ დაიწყეს საუბარი, შსს-მ სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარის ვერსიებზე უწყებაც მუშაობს.
„პირები, რომელთაგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეც საგამოძიებო კომისიამ დღეს განცხადება გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოყოფილი საქმის ფარგლებში უკვე გამოკითხული ჰყავს. გამოკითხვის შედეგად მოპოვებულია გარკვეული ინფორმაცია, რომლის გადამოწმების და სხვა პირების პასუხისგებაში მიცემისთვის შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტის შექმნის მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები", — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ამ საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული არიან ასევე მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე.
16 წლის დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ამასთან დაკავშირებით თბილისში და სხვა ქალაქებში არაერთი საპროტესტო აქცია მოეწყო.
შსს მოზარდების მკვლელობაზე გამოძიებას ხელახლა აწარმოებს.