თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ბათუმსა და ქუთაისში აღებულ ნესვის ნიმუშებში ნიტრატების რაოდენობა საგრძნობლად აღემატება დასაშვებ ნორმას, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობაზე ბაზრის მონიტორინგი 15 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკოტოქსიკოლოგმა, გაეროს ექსპერტმა ხათუნა ახალიამ განაცხადა, რომ ნიტრიტები და ნიტრატები საზამთროსა და ნესვში, რომლებიც საქართველოში იყიდება, დასაშვებ ნორმას სამ-ოთხჯერ აღემატება. მისი მოსაზრება ეყრდნობა კვლევას, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ნიტრატები საზამთროსა და ნესვში – შემაშფოთებელი მონაცემები>>>
ეკოტოქსიკოლოგის განცხადებით, საზამთრო და ნესვი ის სეზონური ბაღჩეული კულტურებია, რომლებიც ნიადაგიდან აბსოლუტურად ყველაფერს ადვილად ითვისებენ. შესაბამისად, როდესაც მათი მოყვანისას მინერალური სასუქები არასწორად გამოიყენება, ეს კულტურები ღრუბელივით ისრუტავენ მათ. დიდი დოზით მინერალური სასუქები კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.
ნიტრატების შემცველობაზე ბაზრის მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ნიმუშების აღება სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტებში, მსხვილ ქსელებსა და აგრარულ ბაზრებში ხდება.
სააგენტომ ნიტრატების შემცველობის კვლევის მიზნით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ხილისა და ბოსტნეულის 60 ნიმუში აიღო. მათი კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიებში ჩატარდა. ამ ეტაპზე ცნობილია 40 ნიმუშის შედეგი.
„ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა ნესვის ორ ნიმუშში, რომლებიც ბათუმსა და ქუთაისშია აღებული. ერთ შემთხვევაში ნიტრატების რაოდენობამ შეადგინა 480 მგ/კგ, ხოლო მეორე შემთხვევაში — 212 მგ/კგ (ნორმა — 90 მგ/კგ)",- ნათქვამია განცხადებაში.
ბიზნესოპერატორებს უკვე დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.
უწყების ცნობით, ნიტრატების შემცველობაზე ხილ-ბოსტნეულის კვლევა გრძელდება. უკვე აღებული ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ კი ინფორმაცია დამატებით ეცნობება საზოგადოებას.