თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს ბაზრებში გასაყიდად გამოტანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, კერძოდ, ხილ-ბოსტნეულის თითქმის 90% დაბინძურებულია მიკრობიოლოგიური ჩხირებით და საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის, განაცხადა ეკოლოგმა, გაეროს ექსპერტმა ხათუნა ახალაიამ სამშაბათს პრესკონფერენციაზე.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კვლევამ დაადგინა, რომ გლეხების მიერ გასაყიდად გამოტანილი პროდუქცია მომხმარებლისთვის საშიშია. საუბარია იმ ნაყოფზე, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვს მიწასთან. ესენია მარწყვი, მწვანილი, ჭარხალი, სტაფილო, ასევე მიწაზე ჩამოვარდნილი ქლიავი, ვაშლი.
ექსპერტი მომხმარებელს ჰიგიენური ნორმების დაცვას ურჩევს. კერძოდ, ნაყიდი პროდუქცია გააჩერონ გამდინარე წყლის ქვეშ 15-20 წუთის განმავლობაში. მწვანილის გაჩერება საჭიროა სოდიან წყალში, რაც მიკრობებისგან დაცვას უწყობს ხელს. რაც შეეხება სტაფილოსა და ჭარხალს, მოხმარების წინ ისინი კარგად უნდა გასუფთავდეს, რათა თავიდან ავირიდოთ მიკრობიოლოგიური დაბინძურება.
„ჩვენი ფერმერები ძალიან ხშირად იყენებენ ორგანულ სასუქს, ძირითადად, ახალ ნაკელს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაბინძურების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს", — განაცხადა ახალაიამ.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ არსებობს საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა "გლობალ გეპი", რომელიც ფერმერებს ისეთი სტანდარტების დანერგვას სთავაზობს, რომლებიც პროდუქტების დაბინძურების თავიდან არიდებას უწყობს ხელს.
„სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია არცთუ უსაფრთხოა და გარკვეული ნაბიჯებია საჭირო. რთულია, დღეს გლეხისგან მოითხოვო, რომ დანერგოს „გლობალ გეპი" (GLOBALG.A.P), მაგრამ არსებობს ჰიგიენური ნორმები, რომლებიც მათ უნდა დაიცვან", — აღნიშნა ახალაიამ.
ექსპერტის განცხადებით, გლეხები არ ამოწმებენ სარწყავ წყალს. ხშირად ნახირი თავისუფლად გადაადგილდება ტერიტორიაზე და შარდი ამ წყალში ხვდება. მისი თქმით, იქ, სადაც პესტიციდებს იყენებენ, ნებისმიერი სარწყავი სისტემა დაბინძურებული იქნება.
ახალაიამ აღნიშნა, რომ ნიადაგის გასანოყიერებლად გლეხებმა უნდა გამოიყენონ სწორად დამუშავებული ნაკელი და ის პირდაპირ არ უნდა დაყარონ მიწაზე. ასეთ ნაკელში მრავლადაა მიკრობიოლოგიური ჩხირები, რომლებიც პროდუქტებში პირდაპირ გადადის. ამას გარდა, როდესაც ნაკელს ღიად ყრიან ან წვავენ, გამოიყოფა მეთანი, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს და გლობალური დათბობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.
GLOBALG.A.P (G.A.P – Good Agricultural Practice) — ესაა პროგრამა, რომელიც ევროპაში საცალო ვაჭრობის ქსელს შესთავაზეს კვების პროდუქტებისა და დეკორატიული მცენარეების უსაფრთხო წარმოების უზრუნველყოფისთვის. პროგრამის მთავარი ამოცანაა საცალო ვაჭრობის კლიენტების უზრუნველყოფა ხარისხიანი პროდუქციით, რომელიც არ აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს.