თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს შსს–ს თანამშრომლებმა გასულის წლის დეკემბერში თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით ერთი არასრულწლოვანი დააკავეს. ამის შესახებ აღნიშნულია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.
მკვლელობის საქმეზე განაჩენი სასამართლომ 31 მაისს გამოიტანა. საქმესთან დაკავშირებით ჩხუბის ორი მონაწილე დააკავეს, ერთ-ერთი სასამართლომ დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ, მეორე — სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ამგვარად, ნახევარი წლის შემდეგ ისევ უცნობი რჩება, ვინ მოკლა სარალიძე.
გამოძიების მტკიცებით, არასრულწლოვანი დ. ღ. თავად შეესწრო ამ მძიმე დანაშაულს და სასამართლოს ცრუ ინფორმაცია და ჩვენება განზრახ არაერთხელ მიაწოდა როგორც დანაშაულის შესახებ, ისე შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
კერძოდ, დ. ღ.–მ მოწმის სახით გამოკითხვისას განაცხადა, რომ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ. ჯ. და მ. კ., რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.
„ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ. ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო“, – აღნიშნულია შსს–ს განცხადებაში.
ამ საქმის ფარგლებში, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული არიან მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე.
16 წლის დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ამასთან დაკავშირებით თბილისში და სხვა ქალაქებში არაერთი საპროტესტო აქცია მოეწყო.
შსს მოზარდების მკვლელობაზე გამოძიებას ხელახლა აწარმოებს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ გამოძიება მოზარდების მკვლელობის საქმეზე გრძელდება.